ახალი ამბები
გორის პროკურატურა თარაშ კანდელაკის წინასწარ პატიმრობას ითხოვს
გორის პროკურატურა თარაშ კანდელაკის წინასწარ პატიმრობას ითხოვს. აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო პროცესი დღეს საღამოს გაიმართება.

დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ რესტორანში 18-წლის ბიჭის განზრახ სხეულის დაზიანების ფაქტზე თარაშ კანდელაკი უდანაშაულოა.

,,მას ბრალი მხოლოდ იმიტომ წაუყენეს, რომ მედიაში მისი გვარი ფიურირებს" - ამბობენ ახლობლები.

გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა 22-წლის მამაკაცი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით ვერსიით, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქალაქ გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე რესტორან "ჯოზეფში", 2001 წელს დაბადებულ ე.თ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მძიმედ დაშავებული ე.თ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები