ახალი ამბები
გორის სასამართლომ რესტორანში მომხდარ ცემის ფაქტზე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
გორის სასამართლომ ბრალდებულ თარაშ კანდელაკს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მისი გადაწყვეტილებით, ბრალდებული წინასწარი გამოძიების პერიოდს საპატიმროში გაატარებს. პროკურორმა ია მეფარიშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებულის საპატიმროში ყოფნა აუცილებელია, რადგან ბრალდებულს საქართველოს საზღვარი არაერთხელ აქვს გადაკვეთილი.

ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება აბსურდულია, რადგან თარაშ კანდელაკი საგამოძიებო ორგანოში საკუთარი სურვილით გამოცხადდა და არანაირი ფაქტობრივი გარემოება არსებობს მიმალვის.

წინასასამართლო სხდომა საქმეზე 31 ივლისს 13 საათზე ჩაინიშნა.

გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა 21-წლის მამაკაცი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 9 ივნისს დააკავეს.

გამოძიებით ვერსიით, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქალაქ გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე რესტორან "ჟოზეფში", 2001 წელს დაბადებულ ერეკლე თედლიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მძიმედ დაშავებული თედლიაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები