ახალი ამბები
რუსი სამხედროების მიერ გათავისუფლებული ჯუმბერ ფსიტიძე ცხელების ცენტრში გადაიყვანეს
რუსი სამხედროების მიერ გათავისუფლებული ჯუმბერ ფსიტიძე ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. ამ წუთებში 65-წლის მამაკაცი გორმედის კლინიკაში იმყოფება.

ახალუბნელი მამაკაცი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. დაკავება დღეს იმ დროს მოხდა, როდესაც 3 ადამიანი საქონელს მწყემსავდა.

,,ორმა გაქცევა მოასწრო, ჩემი ძმა შერჩათ ხელთ. 60 წელს გადაცილებულია. დაახლოებით ორი საათის განმავლობაში არ ვიცოდით, სად წაიყვანეს, შემდეგ გამოჩნდა და გვითხრეს, რომ გაათავისუფლეს. მწყემსები ისეთ ადგილზე აძოვებდნენ, სადაც რუსები არასოდეს ყოფილან გადმოსულები" - ამბობს დაკავებულის ძმა, გივი ფსიტიძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებული იყო "ცხელი ხაზი" და ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"65 წლის მამაკაცი გაათავისუფლეს და ის უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება", - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები