ახალი ამბები
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალებისთვის ახალი პროექტის განხორციელება იწყება
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალებისთვის ახალი პროექტი განხორციელება იწყება. კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი პანდემიის პირობებში, შესაბამის დახმარებას ადგილობრივებს ქალთა ფონდის მხარდაჭერით გაუწევს.

პროექტი სამთვიანია და მასში გორის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის 150 - მდე ქალი ეტაპობრივად, სხვადასხვა აქტივობაში იქნება ჩართული, რაც პროექტის წარმომადგენელთა თქმით, კოვიდ-19-ით გამოწვეული პრობლემების შემცირებისკენ იქნება მიმართული.

"ჩვენი მიზანია გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ქალებს, რომლებისთვისაც ამ პანდემიის გამო ცხოვრება და ყოველდღიურობა უფრო გართულდა დავეხმაროთ სხვადასხვა საშუალებებით რაზეც ხელი მიგვიწვდება, მაგალითად საჭიროების მიხედვით დავაკავშიროთ ექიმთან, რომელიც მისცემთ შესაბამის რჩევებსა და რეკომენდაციებს, მივცეთ საშუალება ფსიქოლოგის კონსულტაციები ონლაინ რეჟიმში გაიარონ. ამისთვის ჩვენი წარმომადგენლები აღნიშნულ 10 სოფელში მოიძიებენ ასეთი კატეგორიის ქალებს, რომლებსაც მართლაც სჭირდებათ აღნიშნული დახმარება და ამ სამ თვეში შევეცდებით ჩვენი წვლილი შევიტანოთ კარანტინის შედეგად არსებულ სტრესის დაძლევაში ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. გარდა ამისა ჩავატარებთ კვლევას, რომლითაც უფრო ზუსტად გვეცოდინება რა საჭიროებები გამოიკვეთა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალების ცხოვრებაში პანდემიის დროს და უფრო უკეთესად დავინახავთ, ამ პრობლემების დაძლევის მიზნით რა მიმართულებით უნა გავაგრძელოთ მათთან მუშაობა", - ამბობს პროექტის დირექტორი, მარიამ თედლიაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები