ახალი ამბები
გორში თავშეყრის გამო დაჯარიმებული 7 ადამიანი გაამართლეს
გორში 7 ადამიანს, რომელიც კვერნაკზე, მე-8 სკოლის სიახლოვეს დგომის გამო 3000-3000 ლარით დააჯარიმეს, გამართლდნენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ დღეს მიიღო.

7-ვე ადამიანის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა. ადვოკატი ლექსო მერებაშვილი ამბობს, რომ ჯარიმის ქვითარი ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული. 

,,ფაქტი მოხდა 2020 წლის 17 აპრილს შუადღეს, სადღაც პირველ საათზე. პოლიციამ ჩათვალა, რომ ეს შვიდივე ადამიანი ერთად იდგა. სინამდვილეში ცალ-ცალკე იდგნენ. 3 მოშორებით, 3 ადამიანი მაღაზიასთან და ერთიც ცალკე. ეს ადგილი მოედანივითაა და დისტანცია აბსოლუტურად დაცული იყო. მოსამართლემ მტკიცებულებების არარსებობის გამო, ჯარიმის ქვითარი გააუქმა. მხოლოდ პოლიციელტა ჩვენებებია წარდგენილი საქმეში" - აცხადებს ლექსო მერებაშვილი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოში 21 მარტს საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა. ზომები 31 მარტის შემდეგ გამკაცრდა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "ფაქტობრივი კარანტინი" გამოაცხადა. ამოქმედდა ე.წ. კომენდანტის საათი და სამზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა. აღნიშნული შეზღუდვა 22 მაისს მოიხსნა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები