ახალი ამბები
მოკლული დადეშელი-მუმლაძის ოჯახის წევრები ხაშურში აქციას მართავენ
მოკლული ზურაბ დადეშელის, იგივე დავით მუმლაძის ოჯახის წევრები ხაშურში საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი დამნაშავეების სათანადო დასჯას ითხოვენ.

როგორც ცნობილია, დღეს მკვლელობაში ბრალდებული, გიორგი ასათიანი, იგივე გიორგი შონია, რუსთავის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.  მას ბრალი ედებოდა დადეშელის გატაცებისა და  სასტიკი მკვლელობის უშუალო ორგანიზატორობაში.

რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, რომელთა შორის პოლიციელებიც არიან მოსამართლემ ხუთივე მათგანი დამნაშავედ ცნო.

ბრალდებულ ზურაბ ბარბაქაძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დავით მიროტაძეს და მიხეილ ღუბიანურს 10-10 წლით პატიმრობა, დიმიტრი დუღაშვილსა და გიორგი გეთაშვილს კი 9-9 წელი.

მოსამართლის გადაწყვეტილება მოკლული დადეშელის ოჯახისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ისინი ამბობენ, რომ გამოძიება სრულყოფილად არ წარიმართა და ბრალდებულების სასჯელი არაადეკვატურია.

გახმაურებული მკვლელობა რუსთავში, გასული წლის ოქტომბერში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ზურაბ დადეშელი მისივე მეგობარმა სახლიდან მოტყუებით გაიყვანა და პოლიციელებს გადასცა.

მოგვიანებით, პოლიციის თანამშრომლებმა დადეშელი შონიასა და ბარბაქაძეს მიუყვანეს. რამდენიმე დღეში, კი, დადეშელის სასტიკად ნაწამები ცხედარი, მტკვარმა გამორიყა. მას დანით 30 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები