ახალი ამბები
ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ჩოჩიშვილი დღეს 70 წლის გახდებოდა

პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში შოთა ჩოჩიშვილი დღეს 70 წლის გახდებოდა. ის 1950 წლის 10 ივლისს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვლევში დაიბადა და მისსავე აღდგენილ ეკლესიის ეზოშია დაკრძალული.

შოთა ჩოჩიშვილი 11 წლის წინ გარდაიცვალა.

,,15-16 წლის ბიჭი ვიყავი, როცა ასეთი რამ მესიზმრა: თეთრწვერიანმა, თეთრი სამოსით შემოსილმა მოხუცმა საჭიდაო ხალიჩაზე შემიყვანა, დამაჩოქა და თავზე ხელი დამადო. ჩემს წარმატებას მე სწორედ იმ მოხუცს ვუმადლი." - ეს ინტერვიუ გამოქვეყნებულია წიგნში ,,შოთა ჩოჩიშვილი", რომელიც ნუგზარ შატაიძემ ოლიმპიური ჩემპიონის გარდაცვალების შემდეგ, გამოსცა.

1967-68 წლებში შოთა ჩოჩიშვილი ქარელის რაიონის ჩემპიონი გახდა, მაგრამ პირველი სერიოზული წარმატება მაშინ მოვიდა, როცა იგი გურამ პაპიტაშვილს შეხვდა. 1972 წელს ხმა გავარდა და ამ ხმამ თბილისშიც ჩამოაღწია, რომ ჩოჩიშვილი მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე მიჰყავდათ.

,,დადგა ის დღე, როცა დედ-მამამ ჩემი, მერვეკლასელი ბიჭის სასწავლებლად გაგზავნა გადაწყვიტა. სწავლა ბორჯომში, სატყეო ტექნიკუმში უნდა გამეგრძელებინა. კარგად მახსოვს გამგზავრების წინა საღამო... დედაჩემი ეზოში პურს აცხობდა, ჩუმად ტიროდა და მისი ცრემლები თონეში ცვიოდა. მეც ხელით ვიმშრალებდი თვალებს. არასოდეს დამავიწყდება ბორჯომი, ეს საოცარი ქალაქი, რომელმაც გულში ჩამიკრა და დამავაჟკაცა. რა დამავიწყებს მის ზღაპრულ პარკს, გოგიასა და პავლეს ციხეებს, ლომის მთას, ჩემს ტექნიკუმს, მასწავლებლებს, განსაკუთრებით მის დირექტორს, ქალბატონ ქსენია ხაჩიძეს და კიდევ თენგიზ გოგრიჭიანს, რომელმაც ჭიდაობას მაზიარა." - უთხრა ჩოჩიშვილმა წიგნის ავტორს.


შოთა ჩოჩიშვილი (მარცხნივ) 1972 წლის ოლიმპიადაზე

იხ.ამავე თემაზე:
შოთა ჩოჩიშვილის აღდგენილ ტაძართან დედათა სამონასტრო კომპლექსი შენდება
,,1 სექტემბერს" - შოთა ჩოჩიშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა


Print

სტატიის გამოყენების პირობები