ახალი ამბები
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქვემო ჭალის მკვიდრი ფეხში დაჭრეს და დააკავეს
ქვემო ჭალის მკვიდრი ზაზა გახელაძე სოკოს საკრეფად იმყოფებოდა. ამის შესახებ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გვითხრეს. დაკავება სწორედ ამ დროს მოხდა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, დაკავებული მამაკაცი დაჭრილია. განცხადების მიხედვით, სროლა გახელაძემაც განახორციელა, რასაც ქვემო ჭალელები კატეგორიულად უარყოფენ:

,,დაგვირეკა ტელეფონით, რომ რუსებს ჰყავდათ დაკავებული. სნიკერსი კი მაჭამესო. სროლის შესახებ არაფერი უთქვამს," ამბობენ ოჯახის წევრები.

ფაქტის შესახებ განცხადება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა:

უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული მძიმე ინციდენტის ფაქტზე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ უკანონო დაკავებების საშიში პრაქტიკა ქმნის მძიმე ინციდენტებისა და ვითარების ესკალაციის ნიადაგს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო აქტივობები არის დესტრუქციული და კრიტიკულად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები