ახალი ამბები
ქვემო ჭალის მკვიდრის დაჭრის და დაკავების ფაქტზე საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტს, როგორც მორიგ სახიფათო პროვოკაციას, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიის დროს ადგილზე ვითარების დაძაბვასა და დესტაბილიზაციას.

საქმე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ 33-წლის ზაზა გახელაძის დაკავების და დაჭრის ფაქტს ეხება.

ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნა წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის
მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშად დარღვევის მორიგ მაგალითს, ასევე კორონავირუსის პანდემიის პირობებში გლობალური მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოწოდების სრულ უგულვებელყოფას.

მსგავსი პროვოკაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან, რომლებიც უკანონოდ არიან განლაგებული საქართველოს ტერიტორიის შუაგულში და უხეშად არღვევენ ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად მოითხოვს დაჭრილი და უკანონოდ თავისუფლება აყრილი საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გადმოცემას ქართული მხარისათვის.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავი წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, მკაცრი შეფასება მისცეს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებს და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების აღსაკვეთად.
Print

სტატიის გამოყენების პირობები