ახალი ამბები
გორის მერი რუსეთიდან ფეკალური მასების გადამამუშავებელი დანადგარის ჩამოტანას აპირებს
გორის მერი კოტე თავზარაშვილი აპირებს შეიძინოს ისეთი დანადგარი, რომელსაც მხოლოდ რუსული კომპანია აწარმოებს. ამ მიზნით, ბიუჯეტიდან 760 000 ლარი გამოიყო. ეს თანხა როგორც დანადგარის შეძენას, ასევე, მის მონტაჟს მოხმარდება.

დანადგარი ფეკალური მასების გადამამუშავებელ სისტემას წარმოადგენს, რომელიც გორში, ელექტროფიკაციის დასახლებაში უნდა დამონტაჟდეს.

ქართულმა კომპანიამ ,,სის ბიზნეს სერვის"- მა შეამჩნია, რომ გორის მერიამ ტექნიკურ მახასიათებლებში ზუსტად ის მონაცემები მიუთითა, რაც რუსული კომპანია ,,იუნილოსის" მიერ წარმოებულ დანადგარს გააჩნია. ზურაბ ბიწაძე აღნიშნავს, რომ მერია მხოლოდ ამ რუსული კომპანიის დანადგარს შეიძენს.

,,ნახაზით განსაზღვრულია დასამონტაჟებელი მოწყობილობის ფორმა, სიმაღლე, მოცულობა და ასე შემდეგ ტექნიკური მახასიათებლები დეტალურად და ისეთი ერთმნიშვნელოვანი მითითებით, რომ ამ ნაზახებში და ზომებში შეუძლებელია სხვა მსგავსი პროდუქციის შემოთავაზება და დამონტაჟება. ანუ ვასკვნით, რომ ეს დოკუმენტაცია მორგებულია მხოლოდ "იუნილოს/ ЮНИЛОС"-ის დანადგარზე და არ იძლევა მსგავსი პროდუქციით ტენდერში მონაწილეობის მიღების საშუალებას. აქედან გამომდინარე ვასაჩივრებთ ტენდერის პირობებს, რომელიც წინააღმდეგობაშია საქართველოს კანონთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ - რომელიც იმპერატიულად მიგვითითებს, რომ დაუშვებელია იმგვარი მითითების ან რაიმე ქმედების განხორციელება, რომელიც ზღუდავს მონაწილე, ან სავარაუდოდ მონაწილე მხარეს წარმოადგინოს მსგავსი პროდუქცია." - აღნიშნავს ზურაბ ბიწაძე.

მისი აზრით, ეს ქმნის საფუძველს იმისა, რომ ტენდერში მონაწილეობა მიიღოს რუსულმა კომპანიამ, რომელმაც შესაძლოა წარადგინოს იმ ქვეყანაში სამუშაოების წარმოების გამოცდილება, რომელ ქვეყანასთანაც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები.

რუსული კომპანია რუსეთის ბაზარზე 19 წელია ოპერირებს და ოფიციალურ საიტზე აღნიშნულია, რომ უნიკალური ჰოლდინგია, რომელიც საკანალიზაციო სისტემებს ამზადებს და ამონტაჟებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები