ახალი ამბები
გორის მერიამ უტენდეროდ 3 კვირის წინ შექმნილი კომპანია შეარჩია
კომპანია ,,ზუკო მშენი", რომელიც 2020 წლის 24 ივნისს შეიქმნა, გორის მერიაში 14 ივლისს შეარჩიეს. ,,ზუკო მშენი", ხელშეკრულების გასაფორმებლად, ბაზრის კვლევის შედეგად მიიწვიეს.

2 კვირის წინ შექმნილი კომპანია 200 000-ლარის ღირებულების სამუშაოებს შეასრულებს. საქმე ეხება მუნიციპალიტეტის 5 სოფლის სკოლის სველ წერტილს და მის რეაბილიტაციას. ,,ზუკო მშენი" იმუშავებს 5 სოფელში: ქიწნისში, დიცში, ახრისში, ახალდაბასა და არბოში.

გორის მერის კოტე თავზარაშვილის თქმით, ტენდერებთან ურთიერთობა სატენდერო კომისიის წევრებს აქვთ. კომისიაში კი 9 წევრია. ,,რაკი მიიღეს გადაწყვეტილება, ესე იგი აქვს გამოცდილება,'' - ამბობს გორის მერი.

იგი იმასაც განმარტავს, რომ სატენდერო პროცედურები მთლიანად გადაბარებული აქვს სატენდერო კომისიას და მის წევრებს.

მერიაში აცხადებენ, რომ წელს სულ 33 სკოლაში განხორციელდება სველი წერტილების რეაბილიტაცია. პროექტების ჯამური ღირებულება 1 056 795 ლარია." - აღნიშნა გორის მერმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები