ახალი ამბები
,,ძალადობისგან თავისუფალი სკოლა"


"მეგობრობის ხიდი ქართლოსის" ორგანიზებით შიდა ქართლის პედაგოგებისთვის გაიმართა ფორუმ-დაჯილდოვება, რომელიც ფონდ HunamDoc-თან ერთობლივი თანამშრომლობით პროექტის "საქართველოში ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მოძალადეთათვის თერაპიული დახმარების გაწევის" ფარგლებში მომზადდა.

ღონისძიებაზე პუბლიკაციის "ბავშვთა მიმართ ძალადობა გზამკვლევი პედაგოგებისათვის" პრეზენტაცია გაიმართა. პუბლიკაცია სკოლების, საბავშო ბაღების, ბაგაბაღების პედაგოგებისა და აღმზრდელებისთვისაა განკუთვნილი.

აღნიშნულ ღონისძიებაზე პედაგოგებს გადაეცათ სერთიფიკატები ვებინარზე "ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ - ძალადობისგან თავისუფალი სკოლა" აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობისათვის.

,,5 წელია ფონდი ჰუმანდოკი ამ კუთხით მუშაობს. გვაქვს პედაგოგებთან შეხვედრა, ფაქტობრივად, შეჯამებაა იმ ონლაინ ვებინარების, რომელიც კოვიდის ფარგლებში ჩატარდა. პედაგოგებს ჰქონდათ საშუალება მოესმინათ საინტერესო ინფორმაცია" - აცხადებს მეგი ბიბილური, ჰუმანდოკის წარმომადგენელი.

,,ამ თემასთან მოპყრობა არის უფაქიზესი. იმის მაგიერ რომ მიეხმარო, შეიძლება უარესი შედეგი მიიღო. ეს არის ძალიან რთული თემა. ჩვენ ვცდილობთ, რომ სრულ სიღრმეში წავიდეთ. ყველა მხრივ გავაანალიზეთ. როცა პრაქტიკაში შეხვედებათ ასეთი თემა პედაგოგებს და გაანალიზებენ, უფრო მეტად დააკვირდებიან ამ პროცესს" - გვითხრა ტრენერმა მანანა ჯინჭარაძემ.

ფორუმს უძღვებოდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კოორდინატორი მანანა ჯინჭარაძე, 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ვლადიმე აფხაზავა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი თეა გალახვარიძე.

პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პოლონური თანამშრომლობის ფარგლებში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები