ახალი ამბები
აგვისტოს ომში თბილისმა 412, ცხინვალმა 368 ადამიანი დაკარგა
აგვისტოს 5-დღიან ომში საქართველოს მხარემ 412 ადამიანი, ხოლო დე-ფაქტო რესპუბლიკამ - 368 ადამიანი დაკარგა. ამის შესახებ ტალიავინის დასკვნაში წერია, რომელიც აგვისტოს ომის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებს ეხება.

დაიღუპნენ ასევე რუსული არმიის ჯარისკაცებიც. რუსეთის მხარემ განაცხადა 67 სამხედრო მოსმსახურის დაღუპვის შესახებ.

უფრო კონკრეტულად: 

საქართველოს მხარე: დაიღუპა  228 სამოქალაქო პირი, 170 სამხედრო მოსამსახურე და 14 პოლიციელი. დაიჭრა 1 747 პირი.

დე-ფაქტო რესპუბლიკა: დაიღუპა 368 ადამიანი (არაა დაკონკრეტული მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების რაოდენობის შესახებ)

რუსეთი - დაიღუპა 67 სამხედრო მოსამსახურე.

,,გენოციდის განზრახვაში დადანაშაულებული ქართველების ბრალი ვერ მტკიცდება. ოსურ მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ეს დასაწყისში იყო გაცხადებული. დასაწყისში რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2 000 მშვიდობიანი მოსახლე იყო მოკლული ქართული ჯარის მიერ. მოგვიანებით, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტში სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას შორის დაღუპულთა რიცხვი 162–მდე შემცირდა." - წერია ანგარიშში.

დაახლოებით 35 000 მათგანმა ჯერ კიდევ ვერ შეძლო საკუთარ სახლებში დაბრუნება.

,,ომით ვერც პოლიტიკური კონფლიქტი დასრულდა და ვერც ის საკითხები გადაიჭრა, რომლებიც მის მიზეზს წარმოადგენდა. დაძაბულობა კვლავაც გრძელდება." - აღნიშნულია დასკვნაში.

ამავე დასკვნაში ვკითხულობთ, რომ 2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამეს, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მზარდი დაძაბულობისა და ინციდენტების შემდეგ, მძიმე ბრძოლები დაიწყო სამხრეთ ოსეთის ქალაქ ცხინვალში და მის შემოგარენში. ბრძოლები, რომელიც მალე საქართველოს სხვა კუთხეებსაც მოედო, 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. მან მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ადგილას დიდი ნგრევა და მთელი რიგი ქალაქებისა და სოფლების სრული განადგურება გამოიწვია. დაიღუპა საკმაოდ ბევრი ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები