ახალი ამბები
გორის ჰოსპიტლის მედდას კორონავირუსი დაუდასტურდა
დღეს, გორის ჰოსპიტლის მედდას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის წარმომადგენელმა, ეკა ქორჩაშვილმა დაადასტურა.

მისი თავდაპირველი განმარტებით, ის არ იყო იმ ექიმის კონტაქტი, რომელსაც 7 აგვისტოს კორონავირუსი დაუდგინეს. თუმცა, მეორე დღეს, დადგინდა, რომ ექთანს ექიმთან კონტაქტი ჰქონდა.

მედდა ჰოსპიტალში დიდი ხანია მუშაობს.

რაც შეეხება ექიმს, რომელთანაც მედდას კონტაქტი ჰქონდა, კორონავირუსი 7 აგვისტოს დაუდასტურეს. ექიმი ბათუმში იმყოფებოდა, სადაც კორონავირუსის შემთხვევები გაზრდილია. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ნიმუშები მასთან კონტაქტში მყოფ 28 ადამიანისგან აიღეს. თუმცა, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ მედდას დაუდასტურდა. კორონავირუსი.

დაინფიცირებული ექიმი სამხედრო ჰოსპიტლის გარდა, მუშაობს გორის სხვა კლინიკაში, კერძოდ ,,გორმედში", ასევე თბილისისა და მცხეთის კლინიკებში. ეპიდემიოლოგებმა ყველა შესაძლო კონტაქტი დაადგინეს.

9 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, საქართველოში კორონავირუსის 1 225 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1000-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7068 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250.


Print

სტატიის გამოყენების პირობები