ახალი ამბები
,,ქედს არ მოვუხრი ქარელი მერიას" - პანდემიის გამო დაჯარიმებული კომპანია
ქარელის მერიამ კომპანია ,,რეგა ქონსთრაქშენი" შავ სიაში შეიყვანა, რომლის დირექტორი ამბობს, რომ ქარელის მერიის მხრიდან კომპანიის რეპუტაციის შელახვის მცდელობას არ დაუშვებს.

ამის შესახებ ზურაბ კუკულავამ Qartli.ge-ს განუცხადა. მისი თქმით, 6 აგვისტოს გამოტანილი გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდება. 6 აგვისტოს შესყიდვების სააგანეტომ, რეგ ქონსთრაქშენი, ქარელის მერიის მიმართვის საფუძველზე შავ სიაში შეიყვანა.

საქმე იმაშია, რომ 2020 წლის თებერვლიდან, კომპანია ,,რეგ ქონსთრაქშენმა" სოფელ ბებნისში მინისტადიონის მშენებლობა დაიწყო. ტენდერში, სადაც 10-მდე კომპანია გამარჯვებისთვის იბრძოდა, ,,რეგა ქონსთრაქშენი" დაწინაურდა.

,,სამუშაოები დავიწყეთ ჩვეულ რეჟიმში, თანაც იმაზე ადრე, ვიდრე ხელშეკრულებას ოფიციალურად მოვაწერდით ხელს. თავდაპირველად, სხვა ადგილზე სურდათ სტადიონის გაკეთება, შემდეგ სხვა ადგილი გვითხრეს და იქაც დავთანხმდით. ეს ჩვენთვის არ წარმოადგენდა პრობლემას, მაგრამ ცოტა ხანში პანდემია დაიწყო და მოგეხსენებათ, როგორც გართულდა მუშაობა" - ამბობს კომპანიის დირექტორი.

სამშენებლო მასალების შესყიდვა, ტრანსპორტირება, სამუშაო ძალის მობილიზება - მარტიდან ივნისამდე შეჩერდა. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

,,ფაქტობრივად, 47 დღის მანძილზე შეუძლებელი იყო მუშაობის განხორციელება. სპეციალური ნებართვები ჭირდებოდა, ქვეყანა ფაქტობრივად გაჩერებული იყო და ეხლა ჩვენ გვთხოვენ, რატომ არ იმუშავეთო" - ამბობს კომპანიის დირექტორი.

ქარელის მერიამ შესყიდვების სააგენტოს მას შემდეგ მიმართა, როდესაც კომპანია ,,რეგ კონტრაქშენმა" ქარელის მერიას ჯარიმების გადახდაზე უარი განუცხადა უარი:

,,მოვითხოვეთ 47 დღე, ის პერიოდი, როდესაც საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული, ამის სანაცვლოდ, 10-დღიანი ვადა მოგვცა, რასაც აზრი არ ჰქონდა. ამიტომ, აღარ ჩავთვალე საჭიროდ სამუშაოები გამეგრძლებინა, რადგან რა ანაზღაურებას მივიღებდით, ის უკვე ჯარიმებში წავიდოდა. ამიტომ, არ ვაპირებ ქედი მოვუხარო ქარელის მერიას. სასამართლო დაადგენს სიმართლეს" - აცხადებს კომპანიის დირექტორი.

შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ საჩივარში წერია, რომ ქარელის მერიამ კომპანიას არაერთხელ აცნობა წერილობით, რომ სამუშაოები იყო დასამთავრებელი. წერილების გაგზავნის თარიღი ემთხვევა პანდემიის პერიოდს. განცხადებებში, ქარელის მერია საერთოდ არ ახსენებს, რომ ქვეყანაში პანდემია იყო.

მხარეთა შორის ხელშეკრულება 2020 წლის 16 მარტს გაფორმდა. სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით უნდა განხორციელებულიყო. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 43 999 ლარი.

2020 წლის 3 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიმწოდებელმა შეასრულა 16 090,8 ლარის ღირებულების ვალდებულებები (ხელშეკრულების ღირებულების 37%).

კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ ამ ხნის მანძილზე, ქარელში, არაერთ ტენდერში მიუღიათ მონაწილეობა და არასდროს პრობლემები შექმნიათ:

,,ვერ ვიტყვი, რომ საქმე არ იციან და არ მუშაობენ, ამ მხრივ, მათთან ამის თქმა არ შეიძლება, უბრალოდ, ჩვენთან მიმართებაში ასეთ ხისტ დამოკიდებულებას არ დავუშვებთ. ჩვენ ჩვენი რეპურტაცია და იმიჯი გვაქვს, რასაც აუცილებლად დავიცავთ" - დასძენს კომპანიის დირექტორი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები