ახალი ამბები
სახლის მცველი შაქრო მელითაური - აგვისტოს ომის მსხვერპლი
2008 წლის 12 აგვისტო ტყვიავისთვის ერთ-ერთი მძიმე დღეა. ერთ დღეში სოფელში რამდენიმე ადამიანი მოკლეს. რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დაკავებულ გორის სოფლებში მოროდიორები თარეშობდნენ.

დაიწვა სახლები. ტყვედ წაიყვანეს ადამიანები. ამ დღეს, ძმასთან ერთად, მოკლეს შაქრო მელითაური. მანამდე, 75 წლის ასაკის კაცმა საკუთარი სახლი დაწვას გადაარჩინა და შვილებს და შვილიშვილებს კერა შეუნარჩუნა. თვითონ საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლო.

შაქრო მელითაურის მკვლელობის ამბავს მისი რძალი ნანა ლაფაჩი იხსნებს. მისი თქმით, მკვლელობას ერთი ადამიანი შეესწრო, რომელსაც ცოტა ხანში მეტყველება დაუქვეითდა. დღეს ეს ქალიც აღარაა ცოცხალი.

"ომის დღეებში სახლში მამამთილი დარჩა. ჩვენს სახლს ცეცხლი წაუკიდეს, მაგრამ მამამთილმა ჩააქრო. სახურავი არ არის დამწვარი, მაგრამ შიგნიდან ოთახები მთლიანად გამომწვარია. ავეჯი რა ადგილზეც იდგა, იმ ადგილებს ეკიდა ცეცხლი. დაკვამლიანება იმდენად დიდი იყო, რომ ყველაფერი გაანადგურა. მამამთილს მეზობლისთვის უთქვამს, რომ 600 ლარი გადავუხადეო, ჩაქრობის უფლება, რომ მოეცათო. " - ამბობს ნანა ლაფაჩი.

მოგვიანებით, შაქრო ძმის ოჯახში გადავიდა. აივანზე ადიოდნენ, როცა ჭიშკარს შეიარაღებული პირები მიადგნენ. კარს არ უღებდნენ. ამ დროს კი, ეზოში ხელყუმბარა ისროლეს. აფეთქებისას ძმები დაიღუპნენ. შაქროს ძმის ცოლმა დამალვა მოასწრო და სიკვდილს გადაურჩა.

,,ბიცოლამ ძალიან ივაჟკაცა და ორივე მიცვალებული გააპატიოსნა. ოთხი დღე სახლში ყავდა დასვენებული. სპირტიანი საშუალებებით ინახავდა, რათა გვამები არ გახრწნილიყო. ხალიჩაში გადახვეული, საკუთარ ეზოში დაკრძალა მეუღლე და მაზლი." - ამბობს ნანა ლაფაჩი.

მიუხედავად იმისა, რომ სოფელს ჯერ კიდევ რუსეთის ჯარი აკონტროლებდა. მამის გარდაცვალების ამბავმა მისი შვილი ტყვიავში მალევე დააბრუნა.

"ჩემი მეუღლე აგვისტოს ბოლოს ჩამოვიდა, მე 16 სექტემბერს დავბრუნდი. ამ დროს, შედარებით სიმშვიდე სუფევდა, თუმცა მაინც სხვაგან გვეინა, რადგან ჩვენი სახლი გზასთან იდგა. შემდეგ მეზობლები დავიხმარეთ, რომ გვამები გადაგვესვენებინა სასაფლაოზე. ცხედრები ხალიჩაში იყო გადახვეული და შიშველი ხელებით მათი გადასვენება ვერ მოხდებოდა, ამიტომ სპეციალურად აღჭურვილი ხალხი მოიყვანეს დასახმარებლად." - გვიყვება ნანა ლაფაჩი.

შაქრო მელითაური სოფლის ვეტერინარი იყო, რძალი ამბობს, რომ მის მამამთილს ყველა პატივისცემით იხსენებს და ამაყობს, რომ მისი ვაჟი პაპის სახელისა და გვარის გამგრძელებელია.

"რამდენი იწვალა სახლი დაწვისგან, რომ გადაერჩინა, საბოლოოდ კი მისი სიცოცხლე შეეწირა. ძალიან კარგი ადამიანი იყო ჩემი მამამთილი. თბილი, მეოჯახე და მოსიყვარულე. უბრალოდ ვიცი, რომ საკუთარი მამა არ იყო, თორემ მამისგან არ ვანსხვავებდი. სოფელშიც კარგი სახელი ჰქონდა. ვეტერინარი იყო და ყველა პატივს სცემდა. ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი ასაკის ადამიანებს სასიკვდილოდ გაიმეტებდნენ."

ომის შემდეგ ოჯახს კიდევ ორი შვილი შეეძინა. გული სტკივა, რომ ამ ბავშვებს მათი პაპა ვერ მოესწრო. ახლა შვიდსულიან ოჯახს თავი ძლივს გააქვს. ნანას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და უსახსრობის გამო ექიმთან ვერ მიდის.

"ცხოვრება გავაგრძელეთ, მაგრამ ტკივილი, რაც ომმა მოგვაყენა, აუნაზღაურებელია. ოჯახს გარდაცვალების 10 000 ლარი მოგვცეს. სახლს სახურავი რომ არ ჰქონდა დამწვარი, სხვა დახმარება არ მიგვიღია. ახლა უკვე 5 შვილი მყავს. მე ავად ვარ და ექიმთან უსახსრობის გამო, ვერ მივდივარ. რა ვქნათ როგორც შეგვიძლია ისე ვცხოვრობთ." - ამბობს ნანა ლაფაჩი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები