ახალი ამბები
,,გორში საჯარო მოხელეებს ფეისბუქის Like-ბსაც კი უკონტროლებენ" - პაპუნა კობერიძე
მოძრაობა ,,ლელო საქართველოსთვის" გორის ოფისის წარმომადგენლებზე ზეწოლა ხორციელდება და პოლიტიკური ორგანიზაციის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

ამის შესახებ გორი-კასპის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარმა კანდიდატმა, პაპუნა კობერიძემ განაცხადა. ,,ქართლის სტუდიაში" სტუმრობისას განაცხადა, რომ განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ სოფლებში მათი წარმომადგენლები იმყოფებიან:

,,სოფლებში ჩვენს წარმომადგენლებზე ხორციელდება ზეწოლა. აიძულებენ, რომ დატოვონ ლელოს ორგანიზაცია. ზეწოლა ხორციელდება ასევე საჯარო სამსახურში მომუშავე პირებზე, რომლებიც ჩვენი ორგანიზაციის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ. ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ უარი თქვან ჩვენს წარმომადგენლობაზე. მე არავისთვის დამიბრალებია, რომ ეს იყო პირდაპირი შეკვეთა გიგი ხოჯევანიშვილსგან. უბრალოდ, მე მოვითხოვ მისგან, რომ აიღოს პასუხისმგებლობა იმ პროცესზე, რასაც ახორციელებენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები. ხოჯევანიშვილი ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიაში და ამ პროცესებზე უნდა აგებდეს პასუხს. ის უნდა იყოს პასუხისმგებელი." - განაცხადა პაპუნა კობერიძემ.

მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ამ პროცესებზე პასუხისმგებელია ასევე გიგი ხოჯევანიშვილის ძმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანია:

,,მისი ძმა არის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი. მოვითხოვ, რომ შეწყდეს პოლიტიკური დევნა ჩვენი მხარდამჭერებისა და ასევე საჯარო სამსახურში მომუშავე პირების მიმართ. ხელისუფლება იქამდეც კი მივიდა, რომ სოციალურ ქსელში ჩვენი ორგანიზაციის და კანდიდატის ,,მოწონებებს" (ლაიკებს) აკონტროლებენ." - აღნიშნა პაპუნა კობერიძემ.

რაც შეეხება ბრალდების ადრესატს გიორგი (გიგი) ხოჯევანიშვილს, ის გორი-კასპის ოლქში მაჟორიტარი კანდიდატია მმართველი გუნდიდან.

იხ. გადაცემა სრულად

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები