ახალი ამბები
,,უნიათო" ორმოულები ქალაქში

 

საკანალიზაცო სამუშაოებით ისედაც დაზიანებულ გზაზე, ამჟამად, ორმოულებს ავსებენ. ე.წ. დაფრეზვითი სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო, ხოლო ასფალტით მისი ამოვსება დღეს, 8 სექტემბერს გაჩაღდა. დაზუსტებული პასუხი არავის აქვს, დღის ბოლომდე, შეავსებენ თუ არა კეცხოველის ორმოულებს.

 

ეს გზა სარაიონოთაშორისო საავტომობილო გზის კატეგორიაში გადის. მას, მხოლოდ, ადგილობრივი მცხოვრებლები არ იყენებენ. ტურისტული ნაკადი, განსაკუთრებით, შაბათ-კვირას დიდია. დაფრეზილ გზაზე მოძრაობის დროს, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბევრ მძღოლს ავტომანქანა დაუზიანდა.

 

,,რა საჭირო იყო წინასწარ ყველა ქუჩის დაფრეზვა, თუკი ასფალტი იმავე ან თუნდაც მეორე დღეს არ იქნებოდა მზად?" - ეს კითხვა ყველას აწუხებს, მათ შორის, ადგილობრივსაც და გამვლელსაც, მაგრამ როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, კომპანია ,,არქმშენსტუდია 2002"-ს საკუთარი საფრეზი მანქანა არ ჰქონია.

 

საფრეზ მანქანას კომპანია ,,არქმშენსტუდია 2002"-ი სხვა კომპანიისგან თხოულობდა, იმასაც, მცირე ხნით. ამიტომ, ნათხოვარი მანქანით რამდენი ქუჩაც მოასწრეს, იმდენი ქუჩა წინასწარ დაფრეზეს. ფრეზვა - საასფალტედ ორმოულების გამზადებას გულისხმობს.

 

ამას ემატება მეორე პრობლემა, ასფალტის ქარხანა კომპანიას მხოლოდ მაშინ აწვდის ,,პროდუქტს", როდესაც ,,წვრილ ასფალტს" უშვებს. მსხვილი ასფალტის დამუშავების დროს,  სატვირთო ავტომანქანას ლოდინი უწევს. ასფალტის ქარხანას სხვა კლიენტებიც ჰყავს, შესაბამისად, ქალაქის ორმოულების ამოსავსებად და წვრილი ასფალტის გასამზადებლად ყოველდღე თავს არ შეიწუხებს. ამას თვით საგზაო ავტომანქანის მძღოლიც ადასტურებს.

 


ხელშეკრულება ითვალისწინებს ნინოშვილის, ჯავახიშვილის (კომბინატი), ჭავჭავაძის, ქეთევან წამებულის, სამების, ქუთაისის (აღმაშენებლიდან ძმები რომელაშვილების ქუჩამდე), სტალინის, სამეფოს, რუსთაველის, რობაქიძის, კოსტავას (აღმაშენებლიდან გორკის ქუჩამდე), თბილისის, თარხნიშვილის, ერისთავ ხოშტარიას, ევდოშვილის (ჭავჭავაძიდან ქეთევან წამებულის ქუჩამდე), დავითაშვილის, ძმები რომელაშვილების (სტალინის ქუჩიდან თამარ მეფის ქუჩამდე), გორგასლის, გოგებაშვილის (№2 საჯარო სკოლიდან კახნიაშვილის ქუჩამდე), ბესიკის, ბარათაშვილის, ბაგრატიონის (ჭანტურიას ქუჩიდან ანტონოვის ქუჩამდე), ჭანტურიას (სტალინის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე), ცაბაძე-ხერხეულიძის, თამარ მეფის (აღმაშენებლის ქუჩიდან სტალინის ქუჩის კვეთამდე), 26 მაისის სანაპირო, აღმაშენებლის, გელდიაშვილის, ლომონონსოვის, ნადირაძის, ელიოზიშვილის, ჩერქეზიშვილის, მამარდაშვილის, გორიჯვრის, კეცხოველის, სამადაშვილის (გორიჯვრის ქუჩიდან კეცხოველის ქუჩის კვეთამდე) ქუჩების გზის საფარის მოწესრიგებას.

 

პროექტის განსახორციელებლად 95 851 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები