ახალი ამბები
კასპის საკრებულოს წევრებმა სავაჭრო ცენტრის ნებართვის გაცემის უფლება მერიას არ მისცეს
კასპის ცენტრში სუპერმარკეტის მშენებლობა არ დაიწყება. საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მერიას ამის უფლება არ მისცა. 

ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლებმა საკითხი ჩააგდეს. საკითხის წინააღმდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ლეობორისტებისა და პატრიოტთა ალიანსის წევრები წავიდნენ.

საკითხის განხილვამდე 14 აგვისტოს კასპის ცენტრში აქცია-პერფორმანსი მოაწყეს. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მერთან შეხვედრა ითხოვეს, თუმცა, მერის მოვალეობის შემსრულებელმა მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, ხოლო დაცვის პოლიციის წარმომადგენლებმა მოქალაქეები შენობაში არ შეუშვეს.

ამის შემდეგ, პროტესტის მონაწილეებმა კორპუსის კედელზე წარწერა გააკეთეს - ,,კასპის ტუტუცი მერი"



,,კასპის საკათედრო ტაძრის წინ აშენებენ ქარვასლას, ეს ბიზნესმენი დაახლოებულია ,,ქართულ ოცნებასთან". მიწის ნაკვეთი გასხვისდა უკანონოდ, მაქინაციებით" - აცხადებდა ნუგზარ ნონიაშვილი, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კასპის ორგანიზაციის ლიდერი და 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებზე კასპის მერის რიგგარეშე არჩევნებში იღებს მონაწილეობს.

ფაქტს კასპის მერიის ადმინისტრაციაში გამოეხმარნენ, სადაც აღნიშნეს, რომ მიწა კერძო პირზე სწორედ ნუგზარ ნონიაშვილის გამგებლობის პერიოდში გასხვისდა:

აღნიშნული ფართი 2007 წლის 2 აპრილს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ, კერძოდ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაყიდა და შეიძინა სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ". ამ დროს კი მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, დღევანდელი აქციის ორგანიზატორი ნუგზარ ნონიაშვილი იყო. ვინაიდან სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია"-ს არ მიეცა ნებართვა ბენზინგასამართი სადგურის აშენებაზე, მან აღნიშნული ფართი 2019 წლის 27 მარტს მიყიდა შპს "ქართლს". ამჟამად ამ ტერიტორიაზე შპს "ქართლი" შესაბამისი ნებართვის საფუძველზე აშენებს თანამედროვე კომერციულ ცენტრს, რომელშიც მუნიციპალიტეტის მერიის პირობაც არის გათვალისწინებული კომპლექსში ახალი ავტოსადგურის აშენების, ტაძრის ღობის და შესასვლელი ჭიშკრის, ასევე მიმდებარედ დასასვენებელი სკვერის მოწყობის შესახებ." - აღნიშნულია განცხადებაში.

მიუხედავად, მერიის გამოხმაურებისა, კასპის საკრებულოს წევრებმა საკითხი მაინც ჩააგდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები