შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად,
25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს
მოაწერა.
განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს
მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა
დაეშვება.
ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე მომხდარი
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80
მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.
მომხდარის შედეგად, გარდაიცვალა 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე.
შეზღუდული ხილვადობის, რთული მეტეოროლოგიური და რელიეფური პირობების
მიუხედავად, სამაშველო სამუშაოები გვიანობამდე გაგრძელდა.
მეხანძრე-მაშველებმა ხევში გადავარდნილი 3 დაშავებული მოქალაქე
უსაფრთხო ადგილზე მალევე ამოიყვანეს, რის შემდეგაც
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში
დაუყოვნებლივ გადაიყვანეს. ისინი ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის
ქვეშ იმყოფებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს
სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
სტატიის გამოყენების პირობები