ახალი ამბები
გორის პროკურატურამ 21-წლის ბიჭი ცოლის მიმართ ძალადობის ფაქტზე დააკავა
გორის პროკურატურამ 21-წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც ცოლის მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობაში ედება ბრალი.

ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გორის პროკურორმა განაცხადა. მისი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და აიძულებდა შეესრულებინა ის მითითება, რაც ქმარს სურდა.

საუბარია ბავშვისთვის 200-ლარიანი დახმარებისთვის საჭირო პროცედურების გავლაზე. ქმარს ცოლი სამოქალაქო რეესტრში ხელის მოსაწერად არ მისდევდა, რის გამოც, როგორც პროკურორი ამბობს,  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თავის მხრივ, დაზიანებები აქვს მიღებული ახალგაზრდა მამაკაცსაც.

პროკურორმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ამდაგვარი მოტივისა, ეს არ ამართლებს ბავშვის თვალწინ ცოლის ცემას.

პროკურორისვე თქმით, ცოლ-ქმარს ჩხუბი ერთი თვის წინაც მოუვიდა, თუმცა ივლისში ჩხუბი ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით, შეემთხვათ.

პროკურორის პოზიციას ადვოკატი არ დაეთანხმა. ადვოკატის განმარტებით, ქმარს სურდა, რომ მეუღლე სამოქალაქო რეესტრში ხელის მოწერის მიზნით გაყოლოდა, რათა 200-ლარიანი დახმარება მიეღოთ.

,,არ ვეთანხმები პროკურორის პოზიციას, ეს არ წარმოადგენს გენდერული ნიშნით ძალადობას. მეუღლემ ხელი მოკიდა ცოლს იმისთვის, რომ წასულიყვნენ სამოქალაქო რეესტრში. უბრალოდ, გოგოს არ უყვარს თავისი მეუღლე და ამ მოტივით შეეცადა მასთან გაშორებას. ეს ახალგაზრდა არასდროს ყოფილა ნასამართლევი, არც ადმინისტრაციული წესით დასჯილი. მისი პატიმრობა გამოიწვევს მისი მდგომარეობის უფრო დამძიმებას" - უთხრა ადვოკატმა მოსამართლეს.

მოსამართლე ლევან დარბაიძემ განაცხადა, რომ 21-წლის მამაკაცს არ ესმის ქალის მნიშვნელობას. ,,აუცილებელია გარკვეული ხნით მისი იზოლაციაში ყოფნა, სახეზეა აშკარად ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი, ამიტომ, უფრო დიდი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მისი იზოლაცია" - განაცხადა მოსამართლემ და 21-წლის მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ადვოკატმა პროცესზე განაცხადა, ინციდენტის დროს, ყველაზე მეტად სწორედ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალდა. გოგომ ქმარს თავზე ბავშვის საბანაო ტაშტი გადაამტვრია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები