ახალი ამბები
გორში ვერ ადგენენ დევნილ ქალს საცხოვრებელი სახლი აქვს თუ არა?
გორში მცხოვრები მოქალაქე მ.ტ., რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირია, ითხოვს, რომ დევნილთა სამინისტრომ მუდმივი საცხოვრებელი სახლით დააკმაყოფილოს.

დევნილთა სამინისტრომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სააგენტომაც იმავე მიზეზით მას საცხოვრისზე უარი განუცხადა. სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფის წევრების დასკვნით, დევნილ ქალს ალტერნატიული საცხოვრებელი ბინა გააჩნია. ,,ყოფილი ქმრის სახლში ცხოვრობსო" - უთხრეს მონიტორინგის ჯგუფის წევრებს.

ის, რომ დევნილ ქალს ბინა გააჩნია, ეს ინფორმაცია მონიტორნგის ჯგუფის წევრებმა მეზობლებისგან მიიღეს. ასეთი ,,მეზობელი'' კი, - დევნილი ქალისა და მისმა ადვოკატის თქმით, სინამდვილეში არ არსებობს.

მონიტორინგის ჯგუფის წევრები იმასაც აღნიშნავენ, რომ მეზობელი, რომელმაც ეს ინფორმაცია მიაწოდა, მე-8 სართულზე ცხოვრობს. დევნილი ქალის ადვოკატის თქმით, ამ კორპუსს მე-8 სართული არ გააჩნია.

ადვოკატებმა სამინისტროს აცნობეს, რომ დევნილი ქალი ქირით ცხოვრობს, ხოლო იმ ადამიანის ახსნა-განმარტება წარადგინეს, რომლის ავტორი აცხადებს, რომ ის იმ ბინის მეპატრონეა, სადაც დევნილი ქალი ქირით ცხოვრობს.

საკითხის შესწავლის მიზნით, მონიტორინგის ჯგუფის წევრები ამჯერად ნაქირავებ ბინაზეც მივიდნენ. თუმცა, დევნილი ქალი არც იმ ბინაში დახვდათ. ამ ბინის მეზობლებმა მონიტორნგის ჯგუფის წევრებს განუმარტეს, რომ ქალი თბილისში შვილთან ერთად ცხოვრობს.

ამის შემდეგ მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა, კიდევ ერთხელ განახორციელეს ვიზიტი ყოფილი ქმრის ბინაში, სადაც პიროვნება ნამდვილად დახვდათ. ქალმა მათ განუცხადა, რომ ბინაში დროებით იმყოფება, რადგან ამ ბინის გამომას ყოფილი ქმრის შვილები ედავებიან.

,,საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგოა და არ იძლევა იმ გარემოების ცალსახად დადგენის შესაძლებლობას, სად ცხოვრობს მოსარჩელე - კერძოდ, ცხოვრობს ქირით თუ უზრუნველყოფილია საცხოვრებლით და ცხოვრობს მეუღლის ან შვილის ბინაში. შესაბამისად, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რადგან ამ ფაქტის დადგენაზე არის დამოკიდებული დავის სწორად გადაწყვეტა." - აღნიშნა მოსამართლემ.

სასამართლოს დავალებით დევნილთა სამინისტროს და სოციალური მომსახურების სააგენტოს დამატებითი დეტალების გარკვევა დაევალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები