ახალი ამბები
ცხინვალში პატიმარი აწამეს - 28-წლის ინალ ჯაბიევი გარდაიცვალა
ქალაქ ცხინვალში პატიმარი ინალ ჯაბიევი წამების შემდეგ გარდაიცვალა. ამის გამო, ცენტრალურ მოედანზე პატიმრის ახლობლები და მეგობრები შეირიბნენ. აქციის მონაწილეები ჯაბიევის მკვლელობაში მონაწილე პირებისა და მათი დამკვეთების დასჯას ითხოვენ.

ცხინვალელები ჯაბიევის მკვლელობის ფაქტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შს მინისტრს, იგორ ნანიევს უკავშირებენ. იგორ ნანიევი თანამდებობიდან უკვე გადადგა.

ინალ ჯაბიევი, სწორედ, იგორ ნანიევზე თავდასხმის ფაქტზე იყო დაკავებული. ჯაბიევთან ერთად, კიდევ ორი ეჭვმიტანილი აწამეს იზოლატორში. სააგენტო ,,რესის" ცნობით, მოსახლეობა საავადმყოფოში შესვლას ითხოვს.

რა შეემთხვა ნანიევს, რომლის გამოც ახალგაზრდები დააკავეს? როგორც 18 აგვისტოს ვწერდით, იგორ ნანიევს, რომელიც ავტომანქანა ნივით გადაადგილდებოდა, ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევა დაახლოებით 22:30 საათზე მოხდა. დე-ფაქტო რესპუბლიკის პროკურორის განცხადებით, გამოყენებულია ,,მაკაროვის" სისტემის იარაღი. ნივას მიტოვებული სახლიდან ესროლეს. ავტომანქანაქანა ,,ნივას" დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს სხვა თანამშრომელი მართავდა.

პროკურორის განცხადებით, ავტომანქანას ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დე-ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრი 3 მოქალაქეს აკავებს. როგორც სოციალურ ქსელში ცხინვალელები წერენ, დაკავებულებს ნანიევი აღიარებით ჩვენების მიცემას აიძულებდა. ერთ-ერთმა დაკავებულმა წამებას ვერ გაუძლო.

დე-ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ გარდაცვლილს ექსპერტიზა რუსეთში, როსტოვის კლინიკაში ჩაუტარდება, რითაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგინდება.

რაც შეეხება დღევანდელ აქციას, ცხინვალის თეატრის მოედანზე ასამდე ადამიანია შეკრებილი. აქვე იმყოფებიან დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობისა და პარლამენტის წევრებიც. ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება. შეკრებილები მთავრობის გადადგომასაც ითხოვენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები