ახალი ამბები
ცხინვალის იზოლატორში აწამეს ნიკოლოზ ცხოვრებოვიც
ცხინვალში მღელვარება არ ცხრება. 28-წლის ინალ ჯაბიევის წამებისა და მკვლელობის შემდეგ, ადგილობრივი მცხოვრებლები პარლამენტის სპიკერის შეცვლასაც ითხოვენ.

მანამდე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა. ე.წ. პარლამენტი დე-ფაქტო რესპუბლიკის გენპროკურორის გადადგომის საკითხს განიხილავს. ანატოლი ბიბილოვის მოწინააღმდეგეებისთვის ეს არასაკმარისი ნაბიჯია, ისინი საკუთრივ პარლამენტის სპიკერის ალან თადტაევის გადაყენებას მოითხოვენ.

მანამდე, ინსტაგრამზე კიდევ ერთი ნაწამები პატიმრის, ნიკოლოზ ცხოვრებოვის ფოტო ვრცელდება. ის 27 აგვისტოს ინალ ჯაბიევთან ერთად იყო დაკავებული.

ნიკოლოზ ცხოვრებოვის წამების კვალი აღენიშნება და როგორც ფოტოს ავტორი აცხადებს, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმარი ზნაურის რაიონის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, 2020 წლის 28 აგვისტოს ცხინვალის იზოლატორში წამებით მოკლეს ახალგაზრდა მამაკაცი ინალ ჯაბიევი. ის 3 პირთან ერთად დე-ფაქტო შს მინისტრზე, იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით ჯერ დააკავეს, შემდეგ მოკლეს.

იზოლატორში, აღიარებითი ჩვენების მისაღებად, პატიმრები აწამეს. წამებას ინალ ჯაბიევმა ვერ გაუძლო. დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ ექსპერტიზის ნიმუშები როსტოვის საექსპერტო ბიუროში გაგზავნეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები