ახალი ამბები
ბიბილოვმა აქციების ფონზე რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქციების ფონზე, განაცხადა, რომ მზად არის მოხსნას რუსეთთან საზღვრის შეზღუდვის რეჟიმი.

,,ეხო კავკაზას" ცნობით, ბიბილოვმა ეს გადაწყვეტილება ოპერატიული შტაბის სხდომაზე მიიღო, რომელიც კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად შეიქმნა.

"შემაკავებელი ზომები მოქმედებს არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის, არამედ რუსეთის მხრიდან. ამიტომ, თუ მხარეებს შორის დროულად იქნება შეთანხმება შეზღუდვის მოხსნის შესახებ, სამხრეთ ოსეთი გახსნის საზღვარს 15 სექტემბრამდე", - განმარტა გასეევამ, ბიბილოვის ადმინისტრაციის უფროსმა.

,,საზღვრის" გახსნის შესახებ გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ მიიღო საპროტესტო აქციების ფონზე, რომელიც 28-წლის ინალ ჯაბიევის გარდაცვალებას მოყვა. ჯაბიევი ცხინვალის იზოლატორში წამების შედეგად გარდაიცვალა.

,,ეხო კავკაზას" ცნობით, ცხინვალში ეკონომიკური კრიზის გამო, აქციები ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს დაანონსდა, თუმცა ბიბილოვის ხელისუფლებამ დაგეგმილ მიტინგებს არასანქცირებული უწოდა.

რუსეთთან საზღვარი 2020 წლის აპრილიდან ჩაიკეტა. საზღვრის დახურვამ საკვებზე ფასების ზრდა გამოიწვია. ხელისუფლება და მცხოვრებლები ამაში იმპორტიორებს ადანაშაულებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები