ახალი ამბები
თუ ბიბილოვი არ გადადგება, კოკოითი ცხინვალში დაბრუნებას აპირებს
ე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ანატოლი ბიბილოვს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებს. დე-ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა ლიდერმა ვიდეომიმართვა გაავრცელა.

ვიდეომიმართვა გუშინ გავრცელდა, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ კოკოითი ცხინვალში ჩასვლას აპირებს, თუმცა მისი განცხადებით, თუ ბიბილოვი 31 აგვისტომდე გადადგება, ცხინვალში აღარ ჩავა.

,,მე მოგმართავ თხოვნით, ეს არ არის ულტიმატუმი, ეს არის თხოვნა. ვერ მიაღწევ იმას, რომ მე არ დავბრუნდე სამხრეთ ოსეთში. შენ ეს არ გამოგივა. მე ვიქნები სამხრეთ ოსეთში, მაგრამ თუ შენ ამის ძალიან გეშინია, მე გაძლევ სიტყვას: მე არ ჩამოვალ სამხრეთ ოსეთში, თუ შენ 31 აგვისტოს 12 საათზე გადადგები და არ აწამებ ოს ხალხს" - განაცხადა ვიდეომიმართვაში კოკოითმა.

კოკოითის თქმით, შეცდომა დაუშვა 2011 წელს, როდესაც პოლიტიკური არენა ანატოლი ბიბილოვს დაუთმო, ხოლო 2017 წელს მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

,,დღეს, ჩემს ხალთან ერთად, მივაღწევ იმას, რომ იგორ ნანიევმა, ურუზმაგ ჯაგაევმა, ზალინა ლალიევამ და მოქმედმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა პასუხი აგონ საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო" - აღნიშნა მან.

კოკოითი ამჟამად ჩრდილოეთ ოსეთში იმყოფება და, როგორც თავად აცხადებს, ითვალისწინებს მეგობრების თხოვნას და ცხინვალში ჩასვლისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

,,არანაირი წინააღმდეგობა რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჩემი ჩამოსვლისა, არ არის. " - განაცხადა მან.

მანამდე მედია იუწყებოდა, რომ პოლიტიკოსს ჩრდილოეთ ოსეთიდან სამხრეთში არ უშვებდნენ.

შეგახსენებთ, 2020 წლის 28 აგვისტოდან, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში სიტუაცია დაიძაბა. იზოლატორში 28-წლის ინალ ჯაბიევის წამებისა და შემდეგ მისი გარდაცვალების გამო, ქალაქის ცენტრში გამოსვლები დაიწყო. ბიბილოვმა გადააყენა მთავრობა. მოქალაქეთა დიდი ნაწილი კი, ბიბილოვის გადადგომას ითხოვს
.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები