ახალი ამბები
ცხინვალში სამოქალაქო აქტივისტს სცემეს
დღეს ცხინვალში სამოქალაქო აქტივისტს, გაზეთის რედაქტორს თემურ ცხურბათს სცემეს.

ამჟამად, ის საავადმყოფოშია მოთავსებული. სამოქალაქო აქტივისტს სახის არეში მოტეხილობა აღენიშნა და, სავარაუდოდ, მას ვლადიკავკაზის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

ინფორმაცია ცხურბათის ცემის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა ალან ფარასტაევმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, თემურ ცხურბათი კოკოითის მომხრეებმა სცემეს.

სოციალურ ქსელში წერენ, რომ იმ დროს, როდესაც ინალ ჯაბიევის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობდა, თემურ ცხურბათი ინტერვიუს ქართულ არხს აძლევდა. ,,ფეიკპროფილის" მომხმარებლები იმასაც აღნიშნავენ, რომ ცხურბათი ქართულ ენაზე საუბრობდა. ეს საუბარი კი ერთ-ერთ მოქალაქეს მოესმა. სწორედ, ამის გამო, სცემესო თემურ ცხურბათს.

დღეს ცხინვალში 28-წლის ინალ ჯაბიევი დაკრძალეს. ის ცხინვალის იზოლატორში აწამეს, შემდეგ კი, გარდაიცვალა. დე-ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. ანატოლი ბიბილოვმა მთავრობა გადააყენა.

ცხინვალში ჩასვლას ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითიც გეგმავს. ის ბიბილოვს დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოუწოდებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები