ახალი ამბები
რუსეთის სამხედროებმა ავტობანიდან 300 მ-ის მოშორებით ხნულები გაავლეს
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში დღეს ხნულები გაავლეს. შესაბამისი ტექნიკა ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა.

ფაქტის ამსახველ ვიდეოკადრებს ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" ავრცელებს, დათო ქაცარავა არ გამორიცხავს, რომ ხნულების გავლების შემდეგი ნაბიჯი მავთულხლართების გავლება იყოს.

ყოფილი ავტონომიური ოლქის საზღვრებში ყარაფილასთან ხნულების გავლება ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყეს. ხნული იმ ბანერებს აკავშირებს ერთმანეთს, რომელიც 2014 წელს დადგეს. ერთ-ერთი ბანერი ყველაზე ადგილს დგას ავტობანთან. გზასა და ავტობანს შორის მანძილი 350-400 მ-ია.

გამყოფი ხაზი გარკვეულ მონაკვეთზე მდინარე თორთლას (ტორტლა) მიუყვება. მდინარე ტორტლაზე, რომლის სიგანე თითქმის 3 მ-ია, მწვანე ბანერი 3-წლის წინ დადგეს. ადგილობრივები, არხის სიდიდის გამო, მიწის ნაკვეთებში თამამად მუშაობენ.

ეს ბანერი ყველაზე ახლოს დგას მთავარ მაგისტრალთან. ავტობანიდან პოლიციის საგუშაგომდე 100 მ-ია, ხოლო, საგუშაგოდან, ბანერამდე - 250 მ.

,,ეს არხი ისეთი განიერია, ვერც ისინი გადმოვლენ და ვერც ჩვენ გადავდივართ. ფაქტიურად, კომუნისტების დროს დაადგინეს, რომ სამხრეთ ოსეთის ოლქის საზღვარი ბუნებრივად მაგ არხზე გასულიყო" - ამბობენ ადგილობრივები.

ყარაფილელი გიორგი ტეხაშვილი ამბობს, რომ ამ ხნულმა ძირითადად ორჭოსნელები დააზარალა, რადგან 18 ჰა მიწის ფართობი, რომელიც კომუნისტების პერიოდში ყარაფილას მეურნეობამ ორჭოსანის საბჭოთა მეურნეობას გადასცა, დღეს ყარაფილას მხარეს დარჩა:

,,როცა ხნულების გავლება დაიწყეს, რუსმა სამხედროებმა აუკრძალეს ორჭოსნელებს მაგ ნაკვეთებში მუშაობდა. 70-იან წლების დასაწყისში ჩვენ გადავეცით ეგ მიწები მაგათ მეურნეობას და ორჭოსნელები სარგებლობდნენ." - აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი გიორგი ტეხაშვილი.

მისი თქმით, სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშიც იგივე სიტუაციაა, რაც ჩრდილოეთით:

,,საბჭოთა მეურნეობების დროს ჩვენი და მაგათი მეურნეობა სხვათა შორის ღობით იყო გაყოფილი. 1972 წელს ცეკა ჩაერია ჩვენს საქმეებში. მართალია, 18 ჰა ფართობი სოფლის ზევით გადავეცით ორჭოსნის მეურნეობას, სამაგიეროდ, მდინარე ტორტლას ქვემოთ ავტობანამდე რაც მიწები იყო, ჩვენ მეურნეობას გადმოსცეს. ანუ ორჭოსნის მეურნეობის საზღვარი ზედ ავტობანზე გადიოდა. ამ ხნულით, ფაქტობრივად, ჩვენ ტორტლას ქვემოთ მიწებიც დაგვრჩა და ის 18 ჰა-იც, რაც საბჭოთა მეურნეობის დროს ჩრდილოეთ დავთმეთ. საძოვრებიც და მიწებიც დაგვრჩა" - ამგვარად აგვიხსნა ვითარება გიორგი ტეხაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები