ახალი ამბები
,,აგერ იმ გორაკზე მალე დროშას ავაფრიალებთ" - შალვა ნათელაშვილი ყარაფილასთან
ლებორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ხნულების გავლების პროცესი გააპროტესტა და ამაში პარტია ,,ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა.

ამის შესახებ დღეს დილით სოფელ ყარაფილასთან ყოფნისას განაცხადა. მისი თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლების დამარცხება სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი:

,,აგერ, ჩვენი დროის სერგო ორჯონიკიძემ, ბიძინა ივანიშვილმა რუსი ოკუპანტები ჩამოიყვანა ცენტრალურ მაგისტრალზე. 31 ოქტომბერს ამ ხელისუფლების დამარცხებით ჩვენ უნდა დავამხოთ პუტინის ოკუაცპიის რეჟიმი, რუსულ სახელმწიფოს დავაკისროთ მილიარდიანი სანქციები, ყველა გენერალი, რომელიც ამ ქმედებას ახორციელებენ, მათზე უნდა გამოცხადეს ინტერპოლით ძებნა. აბა მერე დავინახავთ, როგორ იმოძრავებენ ამათი ტრაქტორები, ტანკები." - განაცხადა შალვა ნათელაშვილი.

ნათელაშვილი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

,,თუ პირდაპირ ცენტრალური მაგისტრალი გადაგიღობეს, ერთი ხელმოწერა პრემიერ-მინისტრის რანგში, არ უნდა გაკეთდეს? ერთ ლომს რომ მოკლავენ კენიის ნაკრძალში, აგერ ხუან-კარლოსმა ერთი ლომი მოკლა კენიის ნაკრძალში და მეფობიდან გადააყენეს. ერთი ლომის ფასი არ არის ჩვენი დაღუპული ადამიანები? ამათ უნდა ჰქონდეს პრეტენზია ქვეყნის დაცვაზე? ძალიან მალე გამარჯვების დროშას ავაფრიალებთ აი იმ გორაკზე." - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

გამყოფ ხაზთან, სოფელ ყარაფილასთან რუსეთის სამხედროები ხნულების გავლება განაახლეს. ეს ხნულები 2013 წლიდან გაჩნდა და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ყოველწლიურად ანახლებენ. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ე.წ. საზღვარს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრებში ავლებენ.

ამ ხნულის მიღმა დარჩა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მონაკვეთი.

,,ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს წინაშე ომის გამოაცხადეს. რო მოხნეს, ვხედავთ; რომ შემოღობეს, ვხედავთ? რატომ ჩააბარეთ ტერიტორია? მიდი შემოღობე და მე ხმას არ ამოვიღებ, რას ნიშნავს ეს?" - დასძინა შალვა ნათელაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები