ახალი ამბები
ხურვალეთის სკოლაში დირექტორი პედაგოგს სადამრიგებლო კლასს 3 წელია არ აძლევს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში მასწავლებელსა და დირექტორს შორის კონფლიქტი მესამე წელია გრძელდება.

მუსიკის პედაგოგს, ზიზი კურმაშვილს სკოლის დირექტორი იზა წაქაძე მესამე წელია სადამრიგებლო კლასს არ აძლევს. აღნიშნულ ფაქტს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში კანონდარღვევად არ თვლიან, რადგან სადამრიგებლო კლასების განაწილება დირექტორის პრეროგატივაა, ხოლო ხურვალეთის სკოლაში მიმდინარე პროცესები რაიმე დარღვევის ნიშნებს არ ავლენს.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მცირეკონტინგენტიან სკოლებში მასწავლებელს სადამრიგებლო კლასის მიღება შეუძლია, თუნდაც თითო კლასში ბავშვების რაოდენობა 10 მოსწავლეს არ აღემატებოდეს.

ხურვალეთის სკოლაში, როგორც ზიზი კურმაშვილი ამბობს, უამრავი კლასია, სადაც 10-მდე რაოდენობის მოსწავლე ირიცხება:

,,მიუხედავად ამისა, სკოლის დირექტორი მიზანმიმართულად არ მაძლევს სადამრიგებლო კლასს და 4-ბავშვიან თუ 6-ბავშვიან კლასს აძლევს იმ პედაგოგს, რომელსაც ისედაც აქვს სხვა სადამრიგებლო კლასი" - აცხადებს ზიზი კურმაშვილი.

მუსიკის პედაგოგს სკოლის დირექტორმა კლასი ჯერ კიდევ 2017 წელს ჩამოართვა. მას შემდეგ, არაერთი თხოვნის მიუხედავად, კურმაშვილი კლასის დამრიგებელი ვერ გახდა.

,,ერთი დამრიგებელი ჰყავს მეხუთე და მეექვსე კლასებს; მეცხრე და მეთორმეტე კლასებს. მერვე და მეშვიდე კლასებს. რა გახდა, რომ ჩემთვისაც გაიმეტოს ერთი კლასი?" - კითხულობს ზიზი კურმაშვილი.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მცირეკონტინგენტიან სკოლებისთვის გათვალისწინებული დაშვება არ წარმოადგენს სავალდებულო წესს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები