ახალი ამბები
ცხინვალის მერიამ ოპოზიციას მიტინგის გამართვის ნებართვა მისცა - ბიბილოვი მოსკოვშია
11 სექტემბერს ქალაქ ცხინვალში 4 პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები მიტინგს გამართავენ. ამის შესახებ ნებართვა ქალაქის ე.წ. მერიამ დღეს 8 სექტემბერს გასცა.

ორგანიზატორების განცხადებით, მიტინგი ცხინვალის თეატრის მოედანზე ჩატარდება და მშვიდობიანი ხასიათის იქნება.

აქციის ინიციატორები არიან: პოლიტიკური გაერთიანება ,,ნიხასი", ასევე ,,სახალხო პარტია", ,,ხალხის ერთობა" და ,,კომუნისტური პარტია".

მიტინგი დაახლოებით 5 საათი გაგრძელდება. ოპოზიციაში განმარტავენ, რომ ნებართვის გაცემა მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან მაგალითად ვლადიკავკაზში, ქალაქის მერია გარდაცვლილ გიორგი გუაევის ნათესავებს ორი თვეა მიტინგის გამართვის უფლებას არ აძლევს.

28 აგვისტოს შემდეგ ცხინვალში საპროტესტო მიტინგები პერმანენტულად იმართება. ოპოზიცია ინალ ჯაბიევის მკვლელობის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. დე-ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ 8 პირი დააკავა, რომლებსაც ბრალი ინალ ჯაბიევის წამებაში ედებათ.

ცხინვალის იზოლატორში პატიმარ ინალ ჯაბიევის წამებისა და მკვლელობის გამო ჯერ შს მინისტრი იგორ ნანიევი, შემდეგ კი, - დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა გადადგა. ოპოზიცია აცხადებს, რომ მკვლელობის ფაქტზე პასუხისმგებლობა ანატოლი ბიბილოვმა უნდა აიღოს და გადადგეს თანამდებობიდან.

ანატოლი ბიბილოვის გადადგომას ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი ედუარდ კოკოითიც ითხოვს. ის ვლადიკავკაზიდან ბიბილოვს დაემუქრა. კოკოითი აცხადებდა, რომ თუ ბიბილოვი არ გადადგება, თავად ცხინვალში დაბრუნდება და ,,პრეზიდენტი"-ს წინააღმდეგ იბრძოლებს.

რაც შეეხება ე.წ. პარლამენტის წევრებს, რომლებიც ზემოაღნიშნულ პარტიების შემადგენლობაში შედიან, ისინი ,,რესპუბლიკის" გენპროკურორის გადადგომას ითხოვენ. გენრპროკურორმა კი ის მასალები გამოაქვეყნა, რომელიც ოპოზიციური პარტიის დეპუტატების კრიმინალურ ისტორიებს ასახავს. პროკურორმა პარლამენტს, სხვადასხვა დანაშაულში მხილებული დეპუტატების იმუნიტეტის მოხსნა მოითხოვა, თუმცა ეს მიმართვა პარლამენტმა არ გაითვალისწინა.

ანატოლი ბიბილოვი რამდენიმე დღეა რუსეთში იმყოფება. დღეს მან პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან გამართა შეხვედრა. ბიბილოვის პრეს-სამსახურის განცხადება, საუბრის თემა რუსული საინვესტიციო პროგრამა იყო, რომლის განხორციელება 2021 წლისთისაა დაგეგმილი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები