ახალი ამბები
გორში არასრულწლოვანს 6-თვიანი უკანონო პატიმრობის გამო 13 000 ლარს გადაუხდიან
6-თვიანი უკანონო პატიმრობის გამო არასრულწლოვანს, მორალური ზიანის სახით, 7 ათას ლარს გადაუხდიან. ხოლო მატერიალური სახით - 6 ათას ლარს. ამის შესახებ გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 2020 წლის 12 ივნისს მიიღო.

ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც უახლოეს წლებში, შიდა ქართლის პროკურატურამ, გამამართლებელი განაჩენების გამო, ბიუჯეტი აზარალა.

სარჩელის მიხედვით, არასრულწლოვანი 1 მლნ ლარს ითხოვდა, საიდანაც 950 000 ლარი მორალური ზიანის, ხოლო 50 000 ლარი მატერიალური ზიანის სახით უნდა ანაზღაურებულიყო.

16-წლის ბიჭი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2017 წლის იანვარში დააკავეს. წინასწარი პატიმრობა მეორე დღესვე შეუფარდეს, ხოლო 6 თვის შემდეგ, უდანაშაულოდ სცნეს.

3 წლის განმავლობაში აწ უკვე დაზარალებული ახალგაზრდა მამაკაცი ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები