ახალი ამბები
გორის სოფლების 8 სკოლაში სწავლის დაწყების დღეს ახალი საპირფარეშოები არ იმუშავებს
გორის მერიამ სველი წერტილების მოწესრიგება 8 სკოლაში 2020 წლის 12 აგვისტოდან დაიწყო. ამათგან 7 სკოლა გამყოფ ხაზთან მდებარეობს.

დღევანდელი მონაცემით, სამუშაოები არც ერთგანაა დამთავრებული. სწავლა კი, 2020 წლის 15 სექტემბერს იწყება.

qartli.ge-მ მოიძია ამ სკოლების მონაცემები, სადაც სველი წერტილების მოწესრიგების თაობაზე, ამჟამად მუშაობენ. ეს სკოლებია: ზემო ნიქოზი, ხურვალეთი, სათემო, ქვემო ხვითი, კარბი, ზემო ხვითი, პატარა გარეჯვარი და ბერშუეთი.

ამ 8 სკოლიდან 4 სკოლაში 1 კომპანია მუშაობს. ინდმეწარმე ლევან ნადირაძე პირდაპირი შესყიდვის წესით დაიქირავეს. მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, სამუშაოების დაახლოებით 50% აქვს შესრულებული.

,,დამთავრება უნდა მოვასწროთ 45 დღეში" - გვითხრა მან. მან მუშაობა 17 აგვისტოს დაიწყო, ხოლო 45 დღე 1 ოქტომბრამდე გადის.

რაც შეეხება სხვა სკოლებს, კარბში ,,ზუკამშენი" მუშაობს, ზემო ხვითში ,,ჯინო +", ბერშუეთში ი.მ. ,,კახა დათაშვილი."

რაც შეეხება პატარა გარეჯვრის სკოლას, აქ ყველაზე მეტი თანხა იხარჯება და მას კომპანია ,,აღმაშენებელი" ითვისებს. გარეჯვრის სკოლის რეაბილიტაცია 14 აგვისტოს დაიწყო და ხელშეკრულების მიხედვით 75 დღეში უნდა დასრულდეს. 

შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის, თამაზ მეტრეველს ამ თემაზე საუბარი არ სურს. სწავლის დაწყების პირველ დღეებში მოსწავლეებს სოფლის პირობებში არსებული, ე.წ. მიწაში ჩადგმული საპირფარეშოების გამოყენება შეეძლებათ, სადაც სანიტარული ნორმები დაცული არაა. ქვეყანაში კი კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა მძვინარებს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები