ახალი ამბები
ვინ გააკეთებს გორში სამეფო ქუჩას? - არჩევანი იაფსა და ძვირ შეთავაზებებს შორის
თვეზე მეტია, გორში, სამეფო ქუჩის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებულ ტენდერში კომპანიების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ, თუ რომელი კომპანია შეაკეთებს სამეფო ქუჩას. ტენდერში მხოლოდ ორი კომპანია იღებს მონაწილეობას. ესენია: ,,იბოლია" და ,,ჯავა".

,,ჯავამ" მუნიციპალური განვითარების ფონდს იმაზე მეტი თანხა შესთავაზა, ვიდრე ტენდერით იყო გამოცხადებული.

მაგალითად, ტენდერის საწყისი ღირებულებაა 2 მლნ 053 186 ლარი, ხოლო ,,ჯავა" ირწმუნება, რომ სამეფო ქუჩის რეაბილიტაციას 2 მლნ 258`000 ლარად განახორციელებს.,,ჯავას" ინჟინრები ფიქრობენ, რომ პროექტის განხორციელება 195 186 ლარით მეტი დაჯდება.

,,ჯავის" დირექტორი, ცოტნე მიქელაძე აცხადებს, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან შესაძლოა რომელიმე კომპანიას უფრო ძვირი უჯდება პროექტის განხორციელება, სხვას - ნაკლები.

,,ჩვენს შემთხვევაში ვნახეთ, რომ ამ გზის რეაბილიტაცია უფრო ძვირი დაგვიჯდებოდა, შესაძლოა, სხვას ნაკლები დაუჯდეს. კონკრეტულად, რა ნაწილში გაიზრდება ხარჯები, ამას მე ვერ გეტყვით. ხარჯთაღრიცხვა ვინც გააკეთა, ის ამჟამად შვებულებაშია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ თანხით გავაკეთებთ ქუჩას" - აცხადებს ,,ჯავის" დირექტორი, ცოტნე მიქელაძე. აღნიშნულია კომპანია თბილისშია რეგისტრირებული.

კომპანია ,,ჯავა" სამშენებლო ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. მათ ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ წარმატებით განახორციელეს უამრავი პროექტი, მაგალითად, წყალტუბოს რეაბილიტაცია, დადიანების სასახლისა და სკვერის რეაბილიტაცია, ახალი შუამთის რესტავრაცია და ა.შ.

რაც შეეხება კომპანია ,,იბოლიას", ეს კომპანია სამეფო ქუჩის რეაბილიტაციას 1 მლნ 992`000 ლარად შეძლებს. გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანიაში ფიქრობენ, რომ სამეფო ქუჩის რეაბილიტაციას 61 186 ლარით იაფად გააკეთებს.

ცნობისათვის, სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები