ახალი ამბები
ტრენინგები ყრუ-უსინათლო პირთა მეგზურთათვის
გორში ყრუ-უსინათლო პირთა თარჯიმან-მეგზურის მოსამზადებელი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგში 8 სპეციალური პედაგოგი მონაწილეობდა.

ტრენინგებს უძღვებოდნენ პროექტის ფარგლებში მომზადებული ყრუ-უსინათლო პირთა თარჯიმან-მეგზურების ქართველი ინსტრუქტორები.

ორი დღის განმავლობაში, ტრენინგის მონაწილეებმა 16 დიდაქტიკური საათი გაიარეს, მიიღეს თეორიულ ცოდნა და პრაქტიკულ უნარები, მათ შორის, კომუნიკაციის სხვადასხვა მეთოდი, ყრუ-უსინათლო პირთან ერთად გადაადგილების ტექნიკა, ინფორმაციის მიწოდების სხვადასხვა ხერხი. ინტენსიური სწავლების შემდგომ, მონაწილეები, ყრუ-უსინათლო პირებთან, 30 საათიან პრაქტიკას გაივლიან, რის შემდეგაც, თეორიულ-პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, მიიღებენ თარჯიმან-მეგზურის კვალიფიკაციას და ამის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

ყრუ-უსინათლო ადამიანები, რომლებიც ორი ძირითადი სენსორის - სმენისა და მხედველობის - შეზღუდვების გამო გამოწვევებს აწყდებიან დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: გადაადგილება, კომუნიკაცია და ინფორმაციის მიღევა, ახალ, კვალიფიცირებულ მხარდამჭერებს შეიძენენ.

ყრუ-უსინათლო პირთა თარჯიმან-მეგზურის მოსამზადებელი ტრენინგი პროექტის "ყრუ-უსინათლო პირთა მხარდამჭერი სისტემის შექმნა საქართველოში" ფარგლებში ტარდება. პროექტი საქართველოში 2018 წლიდან ხორციელდება ფონდ HumanDoc-ის მიერ და თანადაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პოლონური განვითარების თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში.

ყრუ-უსინათლო პირთა თარჯიმან-მეგზურის მოსამზადებელი ტრენინგები, სექტემბერში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებში ტარდება

აღნიშნული სწავლებების შედეგად, ყრუ-უსინათლო პირთა საზოგადოებისთვის რამდენიმე ათეული ახალი, კვალიფიცირებული თარჯიმან-მეგზური მომზადდება, რაც თემის გაძლიერებისა და ადვიკატირებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები