ახალი ამბები
ერგნეთში 97-ე შეხვედრა მიმდინარეობს
დღეს ერგნეთში 97-ე შეხვედრა მიმდინარეობს. შსს-ს ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენლის, ირაკლი ანთიძის თქმით, შეხვედრაზე მთავარი თემა კვლავად უსაფრთხოების საკითხები იქნება.

,,ასევე, დავაყენებთ უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლების საკითხს, განხილული იქნება უკანონო ბორდერიზაციის თემა, რაც პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას." - აღნიშნა ირაკლი ანთიძემ.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერდება ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილის დევნის ფაქტიც, რომელიც იდევნება დაუსაბუთებელი ბრალდების საფუძველზე, აღნიშნული საკითხი არაერთხელ დამდგარა როგორც ერგნეთში, ასევე, ჟენევის დისკუსიის ფარგლებში." - განმარტა ანთიძემ.

ანალიტიკური სამსახურის უფროსი იმასაც აღნიშნავს, რომ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებისგან მოისმენენ ინფორმაციას ცხინვალის იზოლატორში მყოფი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

,,დღეს გვექნება შესაძლებლობა მოვისმინოთ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია. მართალია, ცხელი ხაზის მეშვეობით, ჩვენ ვცდილობთ ყოველდღიურად მივიღოთ ინფორმაცია, მაგრამ უშუალო ინტერაქციის პირობებში უფრო მეტს გავიგებთ" - თქვა ანთიძემ.

კითხვაზე, განიხილავენ თუ არა ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული საგუშაგოს საკითხს, ანთიძემ თქვა, რომ ეს თემა ყოველ შეხვედრაზე იხილება:

,,გვაქვს მოლოდინი, რომ ეს საკითხი წამოიწევს, მაგრამ შს სამინისტროს სტანდარტული პოლიციის საგუშაგო აგრძელებს მუშაობს'' - დასძინა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები