ახალი ამბები
მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის იზოლატორიდან 10 დღით ადრე გათავისუფლდება
ერგნეთში 97-ე შეხვედრა დასრულდა. ერთადერთი საკითხი, რომლის გადაწყვეტის შესახებ შს სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ ისაუბრა, მეჯვრისხეველ ხვიჩა მღებრიშვილს ეხება.

ანთიძის ინფორმაციით, 25 სექტემბერს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ხვიჩა მღებრიშვილს პატიმრობიდან გაათავისუფლებს. ოჯახისთვის ამ ინფორმაციის გადასაცემად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი მეჯვრისხევში გაემგზავრა.

ხვიჩა მღებრიშვილს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ 3 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედებოდა. მისი გათავისუფლება ოქტომბრის დასაწყისში იგეგმებოდა, თუმცა ერგნეთში ქართულმა მხარემ მღებრიშვილის გათავისუფლების პირობა მიიღო.

წინასწარი ინფორმაციით, მღებრიშვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკარანტინო პროცედურებს გაივლის, რათა გამოირიცხოს კოვიდინფიცირების არსებობა. 15 სექტემბრიდან დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთმა ე.წ. საზღვარი რუსეთის ხელისუფლებასთან გახსნა, რითაც არაღიარებული რესპუბლიკა პანდემიის გავრცელების საფრთხის წინაშე დადგა. რუსეთში ყოველდღიურად ათასობით ადამიანი კორონავირუსით ინფიცირდება.

რაც შეეხება ქვემო ჭალელ ზაზა გახელაძეს, რომელიც ასევე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - აცხადებს ირაკლი ანთიძე. დაკავებისას რუსმა სამხედროებმა გახელაძეს ცეცხლი გაუხსნეს, რის გამოც 33 წლის მამაკაცმა ქვედა კიდურზე ჭრილობა მიიღო. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ქართული მხარე დაარწმუნა იმაში, რომ გახელაძის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ერგნეთში განიხილეს ასევე ახალგორელი აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის საკითხი, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლებისგან მუდმივად ზეწოლას განიცდის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები