ახალი ამბები
ეგორ ყოჩიევი: ,,პანდემიის გამო საზღვრის დამრღვევებს ადგილიდანვე ვაძევებთ''
ერგნეთის 97-ე შეხვედრის შემდეგ, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენელმა, ეგორ ყოჩიევმა განაცხადა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, გამყოფ ხაზთან 10 პირი დააკავეს.

ყოჩიევი განმარტავს, რომ დაკავებების მცირე რაოდენობა განპირობებულია იმით, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ე.წ. საზღვრის დამრღვევებს ადგილიდანვე აძევებენ.

"შეხვედრაზე დაისვა საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის საკითხები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, იზრდება COVID-19 ინფიცირებულთა რიცხვი. ქართული მხარის მონაწილეებმა განმარტეს, რომ ეს განპირობებულია ტურისტული სეზონის გახსნით აჭარაში. ამის მიუხედავად, თუ აჭარაში არსებულ ვითარებას უგულებელვყოფთ, საქართველოში სიხშირე მაინც იზრდება, "- განუცხადა სააგენტო ,,რესს" ეგორ ყოჩიევმა.

ყოჩიევმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ერგნეთის შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში შექმნილი საპოლიციო საგუშაგოს არსებობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს:

"დაახლოებით ერთი წლის წინ, უისტას (წნელისის) დასახლების ტერიტორიაზე შეიქმნა საქართველოს პოლიციის საგუშაგო. ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ სამხრეთ ოსეთის მხარის მოთხოვნები, რომ პოლიცია გაიყვანოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან ", - აღნიშნა კოჩიევმა.

IPRM – ის შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია ნოემბრის მეორე ნახევარში.

იხ. ამავე თემაზე:

მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის იზოლატორიდან 10 დღით ადრე გათავისუფლდება


Print

სტატიის გამოყენების პირობები