ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათში შიდა ქართლში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სულ ქვეყანაში 294 ახალი შემთხვევაა. აქედან, ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარის რეგიონში გამოვლინდა.

რაც შეეხება შიდა ქართლს, დეტალურ ინფორმაციას მედიას შიდა ქართლის საგანგებო შტაბის ხელმღვანელი სიმონ გულედანი დღის განმავლობაში გააცნობს.

"განაწილების მხრივ 66% აჭარაშია, 193 ახალი პაციენტია აჭარაში გამოვლენილი, შემდგომ მოდის თბილისი -15%, 43 პაციენტს დაუდასტურდა კოვიდინფიცირება, გურიაში გახლავთ 16 ახალი პაციენტი, იმერეთში -14, სამეგრელო ზემო - სვანეთში 11 ახალი პაციენტი, სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 5-5 დადასტურებული შემთხვევა, შიდა ქართლში 4 ახალი პაციენტი, კახეთში - 2, მცხეთა მთიანეთში -1",-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 294 -ით გაიზარდა და 5254 გახდა, კორონავირუსისგან კიდევ 87 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მათი რაოდენობა 1906-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 5674 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი. კოვიდ სასტუმროებში კი ამ დროისთვის 800 ადამიანია მოთავსებული.

ქვეყანაში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები