ახალი ამბები
კეხიჯვრის სტადიონზე კარის ძელი მოსწავლეს დაეცა
10-წლის ბავშვს, რომელსაც ფეხბურთის კარის ძელი დაეცა, ამჯამად, თავს კარგად გრძნობს - გვითხრა სკოლის დირექტორმა ლალი ოსიტაშვილმა. მისი თქმით, ბავშვს მხედველობაც არ დაზიანებია.

ფაქტი 17 სექტემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის სკოლაში, ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე მოხდა.

,,ფიზკულტურის გაკვეთილი ჰქონდათ. ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ. ამ დროს, ჯერ ორი მოსწავლე ერთმანეთს შეეჯახა და მასწავლებელმა მათ მიაქცია ყურადღება. ამ დროს, ეს ბიჭი კარის ბადეს ჩამოეკიდა, სწორედ მაშინ გადმოვარდა ეს ძელი. პირდაპირ თავზე არ დაცემია, ღმერთმა დაგვიფაროს, უბრალოდ, გვერდი ჩამოკრა" - აცხადებს სკოლის დირექტორი.

მისი ინფორმაციით, მოსწავლემ საავადმყოფოში 5 დღე იყო მოთავსებული. ,,მეხუთე ან მეექვსე დღეს უკვე გამოწერეს საავადმყოფოდან"- გვეუბნება სკოლის დირექტორი.

კეხიჯვარში მერის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სტადიონზე არის როგორც ჩაბეტონებული, ასევე, მოძრავი კარებიც:

,,სტადიონი დიდი ხანია გაკეთებულია, მაგრამ რემონტი შარშან ჩაუტარდა. ეს რემონტი არ ეხებოდა ფეხბურთის კარის რეაბილიტაციას. ეგ კარი არ გადმოვარდებოდა, რადგან ჩაბეტონებულია. როგორც ჩანს, მოძრავი კარი გადმოვარდა. ბავშვებს აქეთ-იქით გადააქვთ ხოლმე" - ამბობს მერის წარმომადგენელი. მან გვითხრა, რომ ბავშვის დაზიანების შესახებ, ამბავი არც გაუგია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები