ახალი ამბები
მარნეულში ,,მთავარი არხისა" და ,,პირველი არხის" ჟურნალისტებს სცემეს
დღეს მარნეულში ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ,,მთავარი არხის" ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას თავი აქვს გატეხილი.

სცემეს ასევე მასთან ერთად მყოფი ორი ოპერატორი და ჟურნალისტი. ინციდენტი ,,ქართული ოცნების" ოფისთან მოხდა. ჯეიჰუნ მუმაედალი ამბობს, რომ ჟურნალისტები ინტერვიუს ჩასაწერად მას შემდეგ მივიდნენ, როდესაც საოლქო კომისიასთან ,,ქართული ოცნებისა" და ,,ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

,,ამ ინციდენტის დროს ამბობდნენ, რომ
ჩხუბში საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე მონაწილეობდა. მე მასთან მისვლა და ჩაწერა მინდოდა. ,,ქართული ოცნების" ოფისთან ფიზიკურად გამისწორდნენ. მირტყამდნენ, ვცდილობდი თავი დამეხსნა, ხესა და რკინის გისოსებს შორის მომაყოლეს თავი" - ამბობს მუჰამედალი.

მარნეულში დღეს კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფის კამერა დაამტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევა "ქართული ოცნებისა" და ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა.

ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი პირი საქართველოს პირველი არხის ოპერატორს თავს დაესხა, ცემა და კამერა დაუმტვრია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები