ახალი ამბები
კალაძისა და გახარიას გაპიარების გამო კასპის საკრებულო 2000 ლარით დააჯარიმეს
კასპის საოლქო საარჩევნო კომისიამ ,,სამართლიანი არჩევნების'' საჩივარი დააკმაყოფილა და საკრებულო 2000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს კომისიის სხდომაზე მიიღეს.

მხარეებიდან მხოლოდ ,,სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი ირმა კიტრიაშვილი ესწრებოდა. საკრებულოდან სხდომას არავინ დასწრებია.  საჩივარი კი, კასპის საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ,,ქართული ოცნების" გვერდიდან მასალების გაზიარების ფაქტებს ეხებოდა. კერძოდ:

2020 წლის 4 სექტემბერს, კასპის მუნიციპალუტეტის საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, გაზიარდა პარტია „ქართული ოცნების“ ოფიციალური გვერდიდან - ქართული ოცნება/Georgian Dream - დან პოსტი. აღნიშნული პარტიის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება და კასპში ფეხბურთის ცენტრალური სტადიონის მშენებლობასა და საფეხბურთო სკოლის რეაბილიტაციის შესახებ შეიცავს ინფორმაციას. პოსტში, ასევე, არის პარტიის სლოგანი, ჰეშთეგით-#ერთადსაქართველოსწარმატებისთვის. ატვირთულ სურათებზე ჩანან პ/გ ,,ქართული ოცნების“ სახეები - კახი კალაძე და გიორგი გახარია.

ასევე 4 სექტემბერს, კასპის მუნიციპალუტეტის საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, გავრცელდა
პარტია „ქართული ოცნების“ ოფიციალური გვერდიდან - ქართული ოცნება / Georgian Dream - ი პოსტი, რაც პარტიის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება და კასპში ახლადაშენებული პროფესიული კოლეჯისა და ინოვაციების ცენტრის სამშენებლო სამუშაოების შესახებ შეიცავს ინფორმაციას. პოსტში, ასევე, არის პარტიის სლოგანი, ჰეშთეგით - #ერთადსაქართველოსწარმატებისთვის და ატვირთულ სურათებზე ჩანან ქართული ოცნების სახეები. 



სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი, ელენე ნიჟარაძე განმარტავს, რომ პარტიის სააგიტაციო პოსტების თვითმმართველობის ორგანოს ოფიციალურ ფეისბუქზე გაზიარება წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ.

,,ფეისბუქ გვერდი საკომუნიკაციო საშუალებას წარმოადგენს, რომელზეც მუნიციპალიტეტი თავისი საქმიანობის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და მისი ფუნქცონირებისთვის მინიციპალიტეტის სახსრები იხარჯება, მის მუშაობას, კი, აღნიშნულ დაწესებულებაში დასაქმებული საჯარო მოხელეები უზრუნველყოფენ. დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით." - აღნიშნავს ელენე ნიჟარაძე.

კასპის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივარი სრულად დააკმაყოფილა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. კასპის საკრებულო 2000 ლარის ოდენობით დააჯარიმა. მასალები გორის სასამართლოს გადაეცა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები