ახალი ამბები
თბილისის ერთ-ერთ ქუჩას გიორგი ბესთაუთის სახელი მიენიჭა
სამგორის რაიონში, ერთ-ერთ ქუჩას გიორგი ბესთაუთის სახელი მიანიჭეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ მიიღო. იდეის ინიციატორია ადვოკატი ბადრი მანჯავიძე. ის გასულ წელს, 2019 წლის დეკემბერში, ცხინვალში იმყოფებოდა და გიორგი ბესთაუთის საფლავი მოინახულა.

ცხინვალიდან დაბრუნების შემდეგ თბილისის საკრებულოს თხოვნით მიმართა, რათა ერთ-ერთ ქუჩას იმ ადამიანის სახელი მინიჭებოდა, ვინც ,,ვეფხისტყაოსანი“ ოსურად თარგმნა.

“მადლობა ყველა ქართველს, ყველა მეგობარს, ვინც კეთილი სიტყვა არ დაიშურეთ და მხარში დაუდექით ამ ჭეშმარიტად საჭირო სამოქალაქო ინიციატივას. იმის გარდა, რომ წერდა ლექსებს ქართულად და ოსურად, მან ოსურად თარგმნა “ვეფხისტყაოსანი”, ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა და ა.შ.”, – განაცხადა ბადრი მანჯავიძემ.



ცხინვალში, როგორც გითხრაით, ბადრი მანჯავიძე გასულ წელს ჩავიდა. ის დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში რუსეთის ტერიტორიიდან შევიდა, სადაც რამდენიმესაათიანი დაკითხვა მოუწყეს. ბადრი მანჯავიძე ამბობს, რომ მესაზღვრეებმა იმ ადამიანის დასახლება მოსთხოვეს, ვისთანაც მიდიოდა:

,,მე ვუთხარი, რომ მივდიოდი, ბატონ გიორგისთან, თუ ვინ იყო ეს გიორგი, მთხოვეს დაკონკრეტება. დავუკონრეტე, რომ ეს იყო გიორგი ბესთაუთი. მე მართლაც მოვედი გიორგი ბესთაუთთან, ოღონდ, მის საფლავთან. ის იყო ადამიანი, რომელმაც ვეფხისტყაოსანი თარგმნა და სიცოცხლის ბოლო წლებამდე, სწორედ, ამას აკეთებდა." - აცხადებს ბადრი მანჯავიძე.

ადვოკატმა მაშინ სწორედ ცხინვალიდან მიმართა თბილისის მერს, კახა კალაძეს, რომ თბილისში. ერთ-ერთ ქუჩას, სწორედ, ამ პიროვნების სახელი და გვარი მინიჭებოდა.

ბადრი მანჯავიძე ცხინვალში ცდილობდა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესზე დასწრებას, თუმცა სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს. ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ქართველი ექიმის პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

სოფელ ერგნეთში დღეს გიორგი ბესთაუთის ძმისშვილი, ლილი ბესტაევი ცხოვრობს. ის ბიძის ლიტერატურულ შემოქმედებას დიდი ხანია ინახავს. ერგნეთში ჩასულ მწერლებს, ლაშა ბუღაძეს, რატი ამაღლობელს და ბიძის მიერ ნათაგმნი ლიტერატურაც კი აჩუქა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები