ახალი ამბები
გორის 1-ელი სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
გორის 1-ელ სკოლის  მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, სიმონ გულედანმა განაცხადა. 

სკოლის დირექტორი, ეკა აფხაიძე ამბობს, რომ მას ერთი მოსწავლის შესახებ აქვს ინფორმაცია, რომელიც მერვე კლასის მოსწავლეა:

,,ჩემთვის უცნობია კონტაქტების შესახებ ინფორმაცია, ეს ბავშვი სწავლის განახლებიდან დადიოდა სკოლაში. ამ ეტაპზე, მერვე კლასი დისტანციურ რეჟიმის სწავლებაზე გადავიდა" - გვითხრა ეკა აფხაიძემ, სკოლის დირექტორმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში შიდა ქართლში კორონავირუსის ახალი, 6 შემთხვევა დადასტურა. მათგან 3 მოსწავლეა და ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, ასევე, ცნობილია კიდევ ერთი პირის შესახებ, რომელიც კულტურის სფეროს წარმომადგენელია.

ზოგადი ვითარება:

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევიდან 196 აჭარას, 178 თბილისს, 65 კი იმერეთს უკავშირდება.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

"გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში დადასტურდა 478 ახალი შემთხვევა, ცოტა შემცირდა. შესაბამისად, ამჟამად, ქვეყანაში სულ დაფიქსირებულია 12 272 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 50 პროცენტზე მეტია, დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 211 პაციენტი.

ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა გახლავთ აჭარაში -196 შემთხვევა, თბილისში -178, იმერეთში – 65, სამეგრელო-ზემო სვანეთში -13, ქვემო ქართლში -15, შიდა ქართლში – ექვსი, გურიაში – ერთი, მცხეთა მთიანეთში – ოთხი", – განაცხადა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძის განმარტებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 5 734 პაცენტიდან 50-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. აქედან, 31 ინვაზიურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 29 კი სიპაპრეჟიმზეა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები