ახალი ამბები
,,რა კი მთავარი არხი მაკრიტიკებს, კარგი კაცი ვყოფილვარ" - გორის მეხუთე სკოლის დირექტორი
გორის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორს, ზურაბ ქარელს მშობელი სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. საქმე ეხება ერთ-ერთ მოსწავლეს, რომელიც 3-4 ოქტომბერს ნოროვირუსით მოიწამლა და სკოლაში არ გამოცხადდა.

ბავშვის მშობელი ,,მთავარ არხთან" საუბრობს, რომ მან სკოლის დირექტორს დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადაყვანა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო:

,,ბავშვი დიაბეტითაა დაავადებული. სკოლის დირექტორს ვთხოვე, რომ სწავლა ონლაინ რეჟიმზე გაგვეგრძელებინა, თუმცა უარი მივიღე. მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა" - აღნიშნა მშობელმა ,,მთავარ არხთან" საუბრის დროს.

დიაბეტით დაავადებული გოგონა იმ დაზარალებულებს შორის მოხვდა, რომლებიც მასობრივ ინტოქსიკაციის საფუძველზე სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს. გაცდენილი გაკვეთილების გამო კი მას სკოლაში ცნობა მოსთხოვეს.

ბავშვის შესახებ დეტალები გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში მოკვლეული აქვთ:

,,ბავშვი ექვემდებარება შინ სწავლებას, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. მე თვითონაც ვესაუბრე დედას წინა კვირაში. უნდა წარადგინოს სკოლაში სამედიცინო ცნობა და სკოლა გადაიყვანს შინ სწავლებაზე. როგორც მითხრეს, ცნობა ჯერ წარუდგენია. ხვალ მოიტანსო.'' - გვითხრა ნანა ტერმაკოზაშვილმა.რაც შეეხება სიტყვიერ შეურაცხყოფას, მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ ქარელი აცხადებს, რომ ინფორმაცია ცილისწამებაა. ,,რა კი, მთავარი არხი და ნაცების ლიდერები მაკრიტიკებენ, ესე იგი, კარგი კაცი ვყოფილვარ" - აცხადებს ზურაბ ქარელი.

,,მთავარი არხის" ეთერში კომენტარი გორი-კასპის ოლქში მაჟორიტარმა კანდიდატმა, ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივმა ლიდერმა, ბადრი ბასიშვილმაც გააკეთა. ბასიშვილის თქმით, ზურაბ ქარელს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი მფარველობს, რადგან მისი წყალობით სკოლის დირექტორს დარღვევები აპატიეს.

დარღვევები კი ზურაბ ქარელს მაშინ აღმოუჩინეს, როდესაც გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელად მუშაობდა. განათლების სამინისტროს აუდიტის შემოწმების შემდეგ  რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოსტიდან ქარელი გაათავისუფლეს, შემდეგ კი, მისი ადგილი გორის მეხუთე საჯარო სკოლაში ,,გამოჩნდა".
Print

სტატიის გამოყენების პირობები