ახალი ამბები
კანდიდატები ქართლში, რომლებიც არჩევნებმა ბავშვობის სოფლებში დააბრუნა
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ხაშური-ქარელის ოლქში კენჭს 5 კანდიდატი იყრის. მათგან, ქართლში, ბავშვობის წლები, მხოლოდ რამდენიმე კანდიდატს აქვს გატარებული.

მაგალითად, ,,ქართული ოცნების" კანდიდატი, ზაალ დუგლაძე ამბობს, რომ ბავშვობა ხაშურში გაატარა და მოხარულია, რომ ყურძნის კრეფაში მიიღო მონაწილეობა:

,,ორ თვეზე მეტია რაც დავუბრუნდი იმ ადგილს, სადაც მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული. ფეხდაფეხ შემოვიარე ქართლის ყველა სოფელი და უბანი. ბედნიერებაა მშრომელ და გულღია ხალხთან ურთიერთობა. წრომში, ჩემს მხარდამჭერებთან ერთად, დღეს რთველი მქონდა. ეს ვაზი წლების წინ მე გავაშენე და დღეს ბარაქიანი მოსავალიც მივიღეთ." - აღნიშნავს ზაალ დუგლაძე.

წარმოშობით ხაშურის მუნიციპალიტეტიდანაა კახა კოჟორიძე, რომელიც ,,ლელო საქართველოდან" იყრის კენჭს. ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს სოფელ ბრილიდან:

,,სოფელი ბრილი - ბავშვობაში სოკოს საკრეფად დავდიოდი. ბრილს სოფლის მეურნეობისა და მესაქონლეობის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს."- წერს კახა კოჟორიძე.

კიდევ ერთი კანდიდატი, რომელიც სოციალურ ქსელში, სისტემატიურად იხსენებს ბავშვობის წლებს, პოეტი ხათუნა გელაშვილია. იგი კენჭს ,,თავისუფალი საქართველოდან'' იყრის. განსაკუთრებით ემოციური იყო მისი შეხვედრა ერთ-ერთ ქალბატონთან, რომელთანაც ბავშვობის საკმაოდ მძიმე, თუმცა ახლა ტკბილად მოსაგონარი ფაქტი გაიხსენა:

,,თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც მე გადამარჩინეთ" - უთხრა ხათუნა გელაშვილმა ქალბატონს. როგორც ირკვევა, 17 წლის ასაკში, ხათუნა გელაშვილი ცოცხნარაში მოიტაცეს:

,,სულ ვამბობდი, სადაა ახლა ეს გოგო? როგორ არის, იქნებ ცუდად მოვიქეცი, რომ ჩავერიე" - ერთმანეთს თვალცრემლიანნი უყვებოდნენ 22 წლის წინანდელ ამბებს მაჟორიტარი კანდიდატი და ადგილობრივი მკვიდრი. ხათუნა გელაშვილმა მის გადამრჩენელ ქალბატონს უთხრა, რომ 22 წლის წინ კარგად მოიქცა, დაოჯახდა, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, ცხოვრობს თბილისში. თუმცა თავის კლასელთან, რომელმაც მოიტაცა, წლებია მეგობრობს და მის ოჯახთან კარგი დამოკიდებულება აქვს.

ხაშური-ქარელის ოლქში, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, კენჭს 5 კანდიდატი იყრის. ამ სამის გარდა კანდიდატია ნიკა მოსიაშვილი, მოძრაობა ,,გირჩიდან", ის წარმოშობით სოფელ ვაყიდანაა. ასევე, ნინო ბურჯანაძის პარტიიდან კენჭს იყრის ალექსანდრე ჩხიკვაძე, რომლის თქმით, ის წარმოშობით ქარელის მუნიციპალიტეტიდანაა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები