ახალი ამბები
კურიოზი თორტიზაში - მოსახლეობამ სავალ გზაზე მერიას სკვერის გაკეთების საშუალება არ მისცა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს კურიოზული ფაქტი შეემთხვათ. მოსახლეობამ სკვერის გაკეთების საშუალება არ მისცა, ხოლო საავტომობილო, მოხრეშილ გზაზე დაწყებული სამუშაოები შეაჩერებინა.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზვიად ანესაშვილმა, მოსახლეობის პროტესტის შესახებ, მერს წერილობით აცნობა. ცნობის მიზანი ის იყო, რომ კომპანია ,,ალონისი" სამუშაოებს დროულად ვერ ამთავრებსო.

,,ჩვენ როცა დავიწყეთ მუშაობა, გვითხრეს, რომ აქ უნდა გააკეთოთ სკვერიო. ვუთხარი დამკვეთს, რომ აქ გზა გადიოდა, მერე რა, მაინც გამათხრევინეს მიწა. მერე მოვიდნენ და მითხრეს, არა, აქ არაო, ცოტა იქით გააკეთე სკვერიო. ჩვენც ავდექით, მივაყარეთ მიწა და გადავინაცვლეთ ცოტა მოშორებით" - გვითხრა კომპანია ,,ალონისის" დირექტორმა მაკედონ ანანიკოვმა.

მისი განმარტებით, სამუშაოებს გამარტივებული ტენდერის მეშვეობით ახორციელებს.

,,პირდაპირი ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული. ასეთ დროს ნახაზებს არ გვაძლევენ ხოლმე. გვითხრეს, რომ აქ გააკეთეთო და ჩვენც, სადაც მიგვითითეს, იქ დავიწყეთ მუშაობა. " - განმარტავს ანანიკოვი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები