ახალი ამბები
ქარელის საკრებულოს დეპუტატს სცემეს და მანქანა წაართვეს
ქარელის საკრებულოს დეპუტატს ზურაბ ახმედოვს მანქანა გასტაცეს. დაკავებულია ერთი პირი, ეძებენ კიდევ ორს.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

ახმედოვს ფერმა სოფელ ქვემო ლეთეთის შესასვლელში აქვს. ქარელის საკრებულოს თავმჯდომარის, ვანო არდემანაშვილის თქმით, ის საქონლის ფერმიდან ბრუნდებოდა და ღამის საათებში გზაზე 3 ადამიანი შეხვდა. მგზავრები მანქანაში ჩაისვა, რომლის შემდეგ სცემეს და მანქანა წაართვეს.

მანქანა, საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისში იპოვეს. ხცისამდე უმოკლესი გზა ქარელზე გადის, შემდეგ თათანაანთუბანს, სამწევრისს, ახალსოფელსა და წრომს.

მოგვიანებით, შსს-მ განცხადება გაავრცელა:

ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,  წარსულში მრავალჯერ, მათ შორის ყაჩაღობისთვის, ქურდობისა და ქურდული სამყაროს წევრობისთვის ნასამართლევი, 1957 წელს დაბადებული მ.ჟ., ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე, ქარელში დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული, თანამზრახველებთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ლეთეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ საავტომობილო გზაზე, ყაჩაღურად თავს დაესხა 1983 წელს დაბადებულ ზ.ა.-ს, რომელსაც ბასრი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ყაჩაღურად გასტაცა მისი კუთვნილი, "ტოიოტა ლენდკრუიზერის" მარკის ავტომობილი.

სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ოსიაურის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები