ახალი ამბები
ქარელში საკრებულოს წევრის მიმართ განხორციელებულ ყაჩაღობის ფაქტზე 63 წლის მამაკაცი დააკავეს
ქარელში, საკრებულოს წევრის, ზურაბ ახმედოვის დაყაჩაღების ფაქტზე, 63-წლის მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შს სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში მრავალჯერ, მათ შორის ყაჩაღობისთვის, ქურდობისა და ქურდული სამყაროს წევრობისთვის ნასამართლევი, 1957 წელს დაბადებული მ.ჟ., ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე, ქარელში დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული, თანამზრახველებთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ლეთეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ საავტომობილო გზაზე, ყაჩაღურად თავს დაესხა 1983 წელს დაბადებულ ზ.ა.-ს, რომელსაც ბასრი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ყაჩაღურად გასტაცა მისი კუთვნილი, "ტოიოტა ლენდკრუიზერის" მარკის ავტომობილი.

სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ოსიაურის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები