ახალი ამბები
,,რუსული ბაზარი გახსნილია მხოლოდ ივანიშვილის თანაგუნდელებისთვის'' - ნინო ბურჯანაძე გორში
,,დღეს რუსეთთან ბაზარი გახსნილია, მაგრამ გახსნილია ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელებისთვის. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში რუსეთთან გაუქმდება სავიზო რეჟიმი, რუსეთთან ბაზარი გაიხსნება სრულყოფილად, გლეხი თვითონ შეძლებს პროდუქტის გატანას და არ იქნება დამოკიდებული მონოპოლისტებზე. '' - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

გორში მან ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა. მან მხარდამჭერებს რუსეთთან ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა.

,,დაგვამადლა მილიარდერმა კაცმა 6 დოლარით პენსიის მომატება. 8 წლის განმავლობაში პენსიონერებს 6 დოლარით მოუმატა პენსია. 2012-ში პენსია 160 ლარი იყო, ეხლა არის 240 ლარი. ვის ატყუებთ, ბატონო ბიძინა. მაცივარს რომ აღებენ და ცარიელია, ამას ხომ ხვდებიან პენსიონერები?' - უთხრა ბურჯანაძემ ამომრჩეველს.

იგი დაპირდა ამომრჩეველს, რომ პენსიებს სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, გაზრდის.

,,პენსიებს გადავიანგარიშებთ ფასების მიხედვით, მთავრობის წარმომადგენლებს არ ექნებათ გაიზარდონ ხელფასები და დაირიგონ პრემიები, თუკი პენსიები არ გაიზრდება.'' - აღნიშნა ბურჯანაძემ.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოიპოვა კომპრომატი, რომლითაც მის დანაშაულებრივ საქმიანობას დაადასტურებდა ქვეყნის წინააღმდეგ.

,,შემეძლო ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში წავსულიყავი და მშვიდად ვყოფილიყავი, მაგრამ ეს არ გავაკეთე, რადგან ამ ვითრებაში თქვენ ვერ მიგატოვებდით. ქვეყნის და თქვენი მიტოვება ჩემ ხასიათში არ ზის. დღეს პრემიერი გამოვიდა ინიციატივით, რომ თურმე კომუნალური გადასახადებზე ხალხს დახმარება სჭირდება. არჩევნებამდე ორი დღით ადრე გაგახსენდათ?. არა უშავს, გადაუხადეთ, ჩვენ უფრო მეტს გავაკეთებთ. ჩვენ გავაკეთეთ პეტიცია, რომ ფორსმაჟორად გამოცხადდეს პანდემიის ვითარება; როცა ადამიანს არ შეუძლია თავიდან აიცილოს გარემოებები, რომელიც თავს დაატყდა. ბანკებმა პანდემიის დროს დაგროვილი პროცენტი უნდა გაუქვითონ; უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი. დღეს მთელი საქართველოს მოსახლეობა ბანკების სესხებში იღრჩობა." - აღნიშნა ბურჯანაძემ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები